logo_geo
Facebook მომხმარებლებს ხმოვანი ჩანაწერებით თანხის გამომუშავებას სთავაზობს
- +

26 თებერვალი. 2020. 23:43

 

 

სოციალური ქსელი Facebook საკუთარ მომხმარებლებს შემოსავლის მიღების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანია გარკვეულ თანხას გადაუხდის იმ ადამიანებს, რომელთა ხმის ჩანაწერებსაც საუბრის ამომცნობი ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ.

 

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფეისბუქი, ისევე, როგორც კომპანიები Amazon, Apple, Google და Microsoft, საუბრის ამომცნობი სისტემის სრულყოფის მიზნით მოხმარებელთა ხმოვანი ჩანაწერების უნებართვო მოსმენასა და გამოყენებაში დაადანაშაულეს. 

 

 

მსურველებს საკუთარი ხმის ჩაწერა ბაზრის კვლევის აპლიკაცია Viewpoints-ის ახალი პროგრამის, Pronunciations-ის საშუალებით შეეძლებათ. შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოთქვან ფრაზა Hey Portal და მოაყოლონ მეგობრების სიიდან არჩეული ადამიანის სახელი. მათ საერთო ჯამში ათამდე მეგობრის დასახელება და თითოეული ჩანაწერის ორჯერ გამეორება შეეძლებათ.

 

ჩანაწერის სანაცვლოდ Viewpoints-ის მომხმარებლები 200 ქულას მიიღებენ. ფულზე მათი გადაცვლა მხოლოდ 1000 ქულის დაგროვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც მომხმარებლებს PayPal-ის ანგარიშზე 5 აშშ დოლარი ჩაერიცხებათ.

 

ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18 წელზე უფროსი ასაკის აშშ-ის იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებსაც ფეისბუქზე 75-ზე მეტი მეგობარი ჰყავთ. კომპანიის განცხადებით, შერჩეული მომხმარებლების აქტივობა მათ პირად სოციალური ქსელის ანგარიშებზე არ აისახება და არც ნებართვის გარეშე გაზიარდება.

 

 

 

big_banner
არქივი