logo_geo
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საჯარო ბაღებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი პრევენციული ღონისძიებების რეკომენდაციით მიმართავს
- +

27 თებერვალი. 2020. 11:29

 

 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღში 10:00 საათის მონაცემებით, 40-65%-იანი დასწრებაა. მათივე ინფორმაციით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად 40-70%-ის ფარგლებში მერყეობს.

 

სააგენტოს ცნობით, თითოეულ ბაგა-ბაღში, ბავშვთა ოდენობიდან გამომდინარე, აღსაზრდელების ჯანმრთელობას 1 ან 2 ჯანმრთელობის კოორდინატორი ამოწმებს.

 

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღები ამ დროისთვის ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი.

 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ესენია:

 

მოერიდეთ ახლო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა;

 

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი;

 

მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას;

 

ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;

 

ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულს;

 

თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი;

 

ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცველი ხსნარით ან საპნითა და წყლით;

 

ნიღბის ტარების შემთხვევაში დაიცავით მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები;

 

მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი;

 

მოერიდეთ დაუცველ ან მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან.

 

ამ რეკომენდაციებს ახლავს ხელების წყლითა და საპნის დაბანის დასურათებული წესებიც.

 

ბროშურებში ასევეა საუბარი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო გზებსა და სიმპტომებზეც.

 

„ახალი კორონავირუსი ვრცელდება:

 

წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით;

თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით;

დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით - შეხება, ხელის ჩამორთმევა;

იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.

 

ახალი კორონავირუსის სიმპტომებია:

 

ცხელება;

ხველა;

სუნთქვის გაძნელება

მძიმე დაავადება“, - ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღების დირექციებისადმი გაგზავნილ წერილში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი