logo_geo
მაია ბათიაშვილი: დიმა ბათიაშვილს უზომოდ და გულწრფელად უყვარდა თავისი სამშობლო და ის ქალაქი, სადაც დაიბადა
- +

27 თებერვალი. 2020. 12:52

 

 

დღეს კინორეჟისორი დიმიტრი ბათიაშვილი 80 წლის გახდებოდა. რეჟისორის შემოქმედებაზე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დიმიტრი ბათიაშვილი ( დიმა) „არასერიოზული კაცის“, „შნოს“, „კირილეს ოდისეას“, „ფრაგმენტები თბილისური ცხოვრებიდან“, „სერგო ზაქარიაძე“, „ქერათმიანი ქალიშვილი“, „ავლიპ ზურაბაშვილი“ და სხვა, ქართველი ხალხისთვის და თბილისელებისთვის საყვარელი ფილმების ავტორი და რეჟისორი. ადამიანი, რომელიც უყვარდა თბილისს, ბევრი ჰბაძავდა და ჰბაძავს დღესაც. ყოველი მისი ფილმი ეს არის ადამიანობის და ჰუმანურობის მანიფესტი და თითქმის ყოველ ფილმს ლაიტმოტივად გასდევს თბილისის სიყვარული. დიმა ბათიაშვილს უზომოდ და გულწრფელად უყვარდა თავისი სამშობლო და ის ქალაქი, სადაც დაიბადა. არც ერთ ქართველ რეჟისორს არ აქვს აღბეჭდილი თბილისის ქუჩები ისე საინტერესოდ და ხშირად, როგორც ეს დიმას ფილმებშია.

 

დიმა ბათიაშვილი რუდუნებით ეფერებოდა თავის თბილისს, ის შეყვარებული იყო თავის ქალაქზე და ეს გამიჯნურება მისი შემოქმედებიდან საოცარი სითბოთი იმზირება. „კი მაგრამ, ვინ ვართ ჩვენ, ქართველები? რანი ვართ?“ - ისმის კითხვა „კირილეს ოდისეაში“ და რეჟისორი იქვე საოცარი იუმორით და სიყვარულით პასუხობს: „ჩვენ ხომ ვიცით, ვინ ვართ“. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, როგორი უკომპრომისო იყო დიმა სამშობლოს სიყვარულთან მიმართებაში. არც ერთ რეჟისორს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, საბჭოთა პერიოდში არ ეყო გამბედაობა ისე ხმამაღლა გამოეხატა თავისი პროტესტი, როგორც ეს დიმა ბათიაშვილმა გამოხატა თავის ფილმში „კირილეს ოდისეა“. შთამბეჭდავია ფილმის ფინალი - წვიმა როგორ შლის საბჭოთა კავშირის რუქას. ეს ფილმი დიმა ბათიაშვილმა გადაიღო 1984-85 წლებში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არანაირი პოლიტიკური რხევები არ იგრძნობოდა ჩვენ ქვეყანაში. იმ დროს ასეთი ფილმის გადაღება გმირობის ტოლფასი იყო.

 

რაც შეეხება მის გენიალურ ფილმს „არასერიოზული კაცი“, ეს ფილმი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის, თბილისის და ქალაქური ურთიერთობის ანთოლოგიაა. „არასერიოზული კაცი“, მართლაც, ქართული და მე ვფიქრობ, მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრია. ფილმი, რომელმაც დროს გაუძლო და გაუძლებს, რომელიც ყველა ადამიანის გულს, ფიქრებს, განურჩევლად ერის, ფერის, რელიგიის და მსოფლმხედველობისა, ეხმიანება და რომელიც ასე ძლიერ შეიყვარა ქართველმა ერმა.

 

მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ დიმა ბათიაშვილის ფილმები:

 

 

„ფანჯარა“ (1965), „გია და ზურა“ (1965), „ქერათმიანი ქალიშვილი“ (1968), „ბავშვობა“ (1970), „მჭედელი“ (1971), „სერგო ზაქარიაძე“ (1972), „სვანეთი“ (1974), „ავლიპი ზურაბაშვილი“ (1975, დიდი პრიზი, პრემია და დიპლომი ბათუმში ქართული ფილმების რესპუბლიკურ კინოფესტივალზე, 1976), „სიმებიანი კვარტეტი“ (1976), „შნო“ (1977), „არასერიოზული კაცი“ (1980, 3 პრიზი ერევანში სატელევიზიო ფილმების IX სატელევიზიო ფილმების IX საკავშირო კინოფესტივალზე, 1981), „ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან“ (1984), „კირილეს ოდისეა“ (1985 ), „ცარიელი ბინა“ (1987) და სხვა.

 

„დიმა ბათიაშვილი, ნიაზ დიასამიძე და ავთო რომ მოდიოდნენ, ხალხი ჩერდებოდა და უყურებდა, ისეთი სანახავები იყვნენ“, - იხსენებს ლიზა ვარაზი.

 

დიმა ბათიაშვილი იმ განსაკუთრებულ პლეადას ეკუთვნის, რომელთაც სამართლიანად უწოდებენ „დიდ ადამიანებს“, „ლეგენდას“, ვინაიდან მათ შეძლეს გაერღვიათ კონფორმიზმის ბორკილები, კაცობრიობისთვის სულისშემხუთველი „პირობითობა“ და ნიჭიერების, გონისა და სულის ნაღდ თავისუფლებას ზიარებოდნენ. დიმიტრი ბათიაშვილი - სილამაზე, კეთილშობილება, ნიჭიერება და კაცთმოყვარეობა სიცოცხლის ბოლომდე აღბეჭდვოდა ამ დიდებულ ადამიანს და გენიალურ რეჟისორს.

 

დღეს დიმა 80 წლის გახდებოდა...“ - წერს მაია ბათიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი