logo_geo
დღეს გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
- +

2 მარტი. 2020. 14:10

 

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. მას 73 წელი შეუსრულდებოდა.

 

გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1960-იანი წლების ბოლოს, სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა. მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში გააგრძელა, ბოლოს კი, თბილისის „ცსკა“-ს შეუერთდა. 1972 წელს გურამ გაბესკირია რესპუბლიკური, მოგვიანებით კი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახდა ფეხბურთში. გურამ გაბესკირიას სახელს, სოხუმის საფეხბურთო კლუბ „ცხუმის“ დაარსება უკავშირდება, რომელიც ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა. მოგვიანებით, გურამ გაბესკირია კლუბის პრეზიდენტი გახდა. იგი, ასევე, იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. წლების განმავლობაში, გურამ გაბესკირია, ქალაქ სოხუმის თევზკომბინატის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში.

 

1992 წელს, გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე; იგი, მათთან ერთად, ტყვედ აიყვანეს.

 

აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსმა და ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანხმლები პირები, პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ“ - უპასუხა მტერს გურამ გაბესკირიამ, რის შემდეგაც, იგი, ტყვედ ჩავარდნილებთან ერთად, დახვრიტეს.

 

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი 25 პირის, მათ შორის, გურამ გაბესკირიას ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა.

2017 წლის 17 ოქტომბერს, გურამ გაბესკირია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

დიდება გმირებს!

 

 

big_banner
არქივი