logo_geo
საქართველომ, ბოლო ორ კვირაში, ევროპიდან 3000 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა
- +

22 მარტი. 2020. 19:43

 

 

"ბოლო ორი კვირის მანძილზე, კორონავირუსის გამო, 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი ევროპიდან. არცერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია",- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამემამულეების დასახმარებლად, ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა და მათი სამშობლოში დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად.

 

"ვითარება არ არის მარტივი. ვირუსის დინამიკა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება, ჩვენც საგანგებო რეჟიმში გვიწევს რეაგირება. სიტუაცია იცვლება საათობრივად და აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესია, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოხდეს ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა ევროპის დედაქალაქებიდან. ხაზს ვუსვამ - ეტაპობრივად, რადგან აუცილებელია, რომ ჩვენი სისტემა და ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად მზად იმისთვის, რომ ჩვენ ეს ხალხი მივიღოთ. იცით, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა. კარანტინისთვის სივრცეების რაოდენობა საკმარისია, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს მზად და აუცილებელია, რომ იყოს ბალანსი ჩამომსვლელთა რაოდენობასა და არსებულ ინფრასტრუქტურას შორის",- განაცხადა მინისტრმა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აგროვებენ ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ, ყველას ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას და მათი გამომგზავრებაც უზრუნველყოფილი იქნება.

 

"ჩვენ ვაგროვებთ ყველა მონაცემს. ამ ინფორმაციის შემდგომი აკუმულაცია და კოორდინაცია ხდება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით ხდება რეისების დაგეგმვა. ბოლო ორი კვირის მანძილზე 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი. არცერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია. ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ გააკეთეს ეს”- განაცხადა ზალკალიანმა.​

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი