logo_geo
კორონა ვირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის კონტაქტები შეამოწმეს
- +

23 მარტი. 2020. 23:17

 

 

80 პირს კორონა ვირუსისთვის არანაირი დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდა. კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც მარნეულში კორონა ვირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის დას.

 

მარნეულში კორონა ვირუსით დაავადებული 62 წლის ქალის 80 კონტაქტი შემოწმდა, განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

 

„დაახლოებით 80 ადამიანი შემოწმდა. არ დადასტურდა არავითარი სიმპტომი დაავადების. ერთადერთი პაციენტია ,  რომელსაც 37.4 აქვს ტემპერატურა, თუმცა არავითარი კლინიკური ნიშნები გამოხატული არ არის. თვითიზოლაციაში გრძელდება მასზე დაკვირვება“, - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

 

რაც შეეხება მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონა ვირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალბატონის დას, თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მას კორონა ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

 

მისივე თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა და პროგნოზზე ვერ ისაუბრებს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ბოლნისში ამ დროისთვის 14 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული, რომელთაც მარნეულში ახალი კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის წარმომადგენელის ინფორმაციით, დღეს დადგინდა კიდევ ოთხი კონტაქტი და საერთო ჯამში უკვე 14 არის იდენტიფიცირებული. 11 მარტს ისინიც იმყოფებოდნენ მარნეულში, სარიტუალო ღონისძიებაზე,

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბოლნისში დადგენილი კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია და „კოვიდ-19“-სთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი ჯერ არცერთ მათგანთან არ გამოვლენილა.

 

23 მარტის ღამეს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დააწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მარნეულში გამოვლინდა კორონა ვირუსით გაურკვეველი წყაროდან ინფიცირების ერთი შემთხვევა, რომელიც ეპიდემიოლოგებმა შიდა გადაცემის შემთხვევად შეაფასეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა რიტუალის დროს, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა.

 

მარნეულში ინფიცირებულ ქალს 1,7 ათასი სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა, აქედან 90 - უშუალო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი