logo_geo
თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს აკონტროლებენ
- +

24 მარტი. 2020. 18:06

 

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ.

 

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს. დანაყოფი ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიების და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

 

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

 

 

 

big_banner
არქივი