logo_geo
დავით კობეშავიძე კლინიკების ხელმძღვანელებს გაერთიანებისა და ხმის ამოღებისაკენ მოუწოდებს!
- +

26 მარტი. 2020. 12:52

 

 

,,იმედის კლინიკის“ დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე აღშფოთებულია ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი სიტუაციით და კლინიკების ხელმძღვანელებს გაერთიანებისა და ხმის ამოღებისაკენ მოუწოდებს.

 

„უამრავი ძნელბედობა ახსოვს ჩვენ ქვეყანას - ბუნებრივი კატაკლიზმებიდან დაწყებული ომებით და ათასი უბედურებებით დამთავრებული, მაგრამ ყოველთვის უმკლავდებოდა ყველაფერს; მეტიც, მამულიც შემოგვრჩა, ენაც და სარწმუნოებაც!

 

ქართველი კაცის ბევრ სასიკეთო თვისებებთან ერთად, სწორედ მოყვასის გვერდში დგომამ და სიყვარულმა, საკუთარი „მე“-ს დათმობამ გადაგვარჩინა;

 

საოცარი მაგალითები გვაქვს როგორც შორეულ, ასევე ახლო წარსულში.

 

რატომ დამჭირდა ამის შეხსენება? - მოგახსენებთ;

 

დღეს ძალიან გვიჭირს სრულიად საქართველოს. რას არ აკეთებს ჩვენი მთავრობა, მაგრამ მტერი ვერაგია, უკან დახევა არ სურს.

 

და აი, ასეთი საშიშროების დროს, როცა ჩვენი  ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილი უმუშევარი და შესაბამისად, უშემოსავლოდ დარჩა - ზოგიერთი, არ მომერიდება ამ სიტყვის, ქორვაჭარი ამ მდგომარეობაზე აპელირებით ცდილობს ხელის მოთბობას.

 

აქაოდა, ლარი გაუფასურდაო, ყველაფერზე უმოწყალოდ უმატებს ფასს; მათ შორის, მედიკამენტებზე, სახარჯ და საოპერაციო მასალებზე, სადეზინფექციო ხსნარებზე;

 

ეს მაშინ, როცა აღნიშნულ კრიტიკულ დღეებში ჩვენი კლინიკების უმეტესობა ან უფასოდ, ან დიდი ფასდაკლებით  ემსახურებიან ჩვენ მოსახლეობას;

 

გრცხვენოდეთ, თქვენ პატრიოტები არ ხართ, ფულს გამოკიდებული მედროვეები ბრძანდებით;

ფუი, თქვენს კაცობას !!!

 

მოგმართავთ, პატივცემულო კლინიკის ხელმძღვანელებო, გავერთიანდეთ და ხმა ავიმაღლოთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ“, - აცხადებს „იმედის კლინიკის“ დირექტორი დავით კობეშავიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი