logo_geo
ეს ყაჩაღობაც აღარ არის! ეს უკვე მოროდიორობაა! – ვალერი კვარაცხელიას მიმართვა პრემიერ გახარიას
- +

26 მარტი. 2020. 19:45

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ გიორგი გახარიას

 

ბ-ნო გიორგი, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმ გონივრული და პასუხისმგებლობით აღსავსე საქმიანობისთვის, რასაც ამ ძნელბედობის ჟამს პირადად თქვენ ეწევით ჩვენს თავდადებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად, მაგრამ მოგეხსენებათ, ექსტრემალურ სიტუაციებში ყოველთვის მოიძებნებიან ბინძური ადამიანები, რომლებიც საერთო უბედურებას პირადი გამორჩენისთვის იყენებენ და ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველ ადამიანთა საქმიანობას ჩრდილს აყენებენ…

 

ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც საკუთარი ოჯახების გადასარჩენად საზღვარგარეთ არიან გადახვეწილნი, ახლა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ. ისინი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ მათ შეექმნათ ოჯახისთვის ფულადი დახმარების გამოგზავნის პრობლემა. მაგალითად, იტალიაში შეჩერებულია გზავნილთა ის სისტემები, რომლებიც ადრე მოქმედებდნენ, რის გამოც მათ ახლა მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით შეუძლიათ ოჯახს დახმარება გაუწიონ. სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედმა ბანკებმა, როგორც ჩანს, ამ სიტუაციით ხელის მოთბობის სამარცხვინო კამპანია გააჩაღეს.

 

ჩემთვის ამჟამად ცნობილია ორი შემთხვევა: იტალიიდან გაკეთდა გადმორიცხვები, ერთი „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით, მეორე „თიბისი ბანკის“ მეშვეობით.

„საქართველოს ბანკმა“ 350 ევროს გადმორიცხვის მომსახურებისთვის კლიენტს გადაახდევინა 32 ევრო, ანუ მთლიანი თანხის თითქმის ათი პროცენტი, ხოლო „თიბისი ბანკმა“ 400 ევროს გადმორიცხვის მომსახურებისთვის – 65 ევრო, ანუ მთლიანი თანხის თხუთმეტ პროცენტზე მეტი. ეს მაშინ, როდესაც იტალიის ბანკებმა ამ მომსახურებაში მხოლოდ ხუთი ევრო აიღეს.

 

ბ-ნო გიორგი, დამეთანხმებით, რომ ეს ყაჩაღობაც აღარ არის, ეს უარესია, ეს მოროდიორობაა, ანუ ბრძოლის ველზე დაჭრილთა და მკვდართა ძარცვის ტოლფასი დანაშაულია.

 

საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში თქვენ არათუ უფლება გაქვთ, ვალდებული ბრძანდებით გასცეთ ქვეყნისათვის ამ უმძიმეს ჟამს ყაჩაღობით დაკავებული ბანკებისთვის ყაჩაღობის აკრძალვის განკარგულება, რასაც, იმედი მაქვს, უმოკლეს ვადაში გააკეთებთ.

 

პატივისცემით,

ვალერი კვარაცხელია

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი