logo_geo
პანდემიები, რომლებმაც კორონა ვირუსთან შედარებით რამდენიმე ათასჯერ მეტი ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლეს
- +

26 მარტი. 2020. 20:44

 

 

კორონავირუსი გაჩენიდან სულ რაღაც 3 თვეში ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე, მსოფლიოს 200-მდე ქვეყანას მოედო. გავრცელების სისწრაფის მხრივ ეს უდაოდ რეკორდია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქოლერასთან, ესპანურ გრიპთან თუ შავ ჭირთან ახლოსაც ვერ მივა.

 

ზუსტად 1 საუკუნის წინ მსოფლიოს ესპანური გრიპი, ე.წ. ისპანკა უტევდა. ინფიცირების გავრცელების პიკი 1918-1920 წლებს მოიცავდა. ამ 2 წელიწადში ვირუსს 40 მლნ ადამიანი შეეწირა, 4-ჯერ მეტი ვიდრე 1914-1918 წლებში პირველ მსოფლიო ომს. იმ დროს დედამიწაზე 2 მლრდ-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა. „ისპანკამ“ პლანეტის მოსახლეობის 2%-ზე მეტი შეიწირა. მსოფლიო მოსახლეობის ამჟამინდელი რაოდენობის გათვალისწინებით 2% 160 მლნ ადამიანს უდრის. ესპანურ გრიპს კორონა ვირუსთან ერთი საერთო აქვს - გავრცელების მასშტაბი. ის რომ 1 საუკუნის წინ მსხვერპლის რიცხვი რამდენიმე ათასჯერ მეტი იყო, ძირითადად ჯანდაცვისა და ზოგადად მეცნიერების ბევრად უფრო დაბალი განვითარებითა და ჰიგიენურ საშუალებებზე ხელმიუწვდომლობით აიხსნება. ელექტრონული მიკროსკოპის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო ვირუსის ლაბორატორიულ დონეზე კვლევა. ადამიანების უმრავლესობისთვის გამდინარე სუფთა წყალი ხელმიუწვდომელი იყო.

 

ესპანურ გრიპთან შედარებით ნაკლები, თუმცა კორონა ვირუსთან შედარებით ბევრად მეტი, 3-5 მლნ ადამიანის სიცოცხლე ქოლერამ შეიწირა. ის დღესაც კლავს წლიურად 100 000-მდე ადამიანს. საქართველოში ქოლერამ XIX საუკუნეში შემოაღწია და რამდენიმე ტალღად გავრცელდა. 1921 წელს, მტკვრის წყლიდან ინფიცირების გამო, ქოლერით გარდაიცვალა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ რიგით მეორე პატრიარქი - ლეონიდე.

 

ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე მაინც „შავმა ჭირმა“ შეიწირა. სულ რაღაც 4 წელიწადში 1347-1351 წლებში ევრაზიაში მინიმუმ 75 მლნ ადამიანი მოკლა. ეს იმდროინდელი მოსახლეობის 1/4-ს უდრიდა. მოსახლეობის ამჟამინდელის რაოდენობის გათვალისწინებით 25% 1.9 მლრდ-ზე მეტია. კიდევ უფრო მეტად 1/3-ით შემცირდა ევროპის მოსახლეობა. დაავადება აზიიდან, კერძოდ კი მონღოლეთიდან, გობის უდაბნოდან გავრცელდა, ჯერ ჩინეთში და შემდეგ მთელს ევრაზიაში. ავადმყოფობა ვირთხების მეშვეობით რწყილებს გადაჰქონდათ. კლასიკური მედიცინის არარსებობის პირობებში ადამიანები ლოცვას, თვითგვემასა და სხვადასხვა რიტუალებს მიმართავდნენ, მათი დიდი ნაწილის აზრით ავადმყოფობა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო. ჰიგიენის ელემანტარული პირობების არარსებობა სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ზრდიდა. ცალკეულ რეგიონებში „შავმა ჭირმა“ ყოველი მეორე ადამიანი მოკლა.

 

უკანასკნელი პანდემია, რომელმაც 0.5 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ღორის გრიპი იყო. 2009-2010 წლებში ღორის გრიპის შედეგად 575 000 ადამიანი გარდაიცვალა.

 

26 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა 472 000-ს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 21 000-ს აღემატება. ყოველდღიურად მათი რაოდენობა შესაბამისად 40 000-ითა და 2000-ით იზრდება.

 

2009-2020 წლებში სმარტფონების რაოდენობა 20-ჯერ, 170 მლნ-დან 3.5 მლრდ-მდე გაიზარდა. ფეისბუქმომხმარებელთა რაოდენობა 5.8-ჯერ, 430 მლნ-დან 2.5 მლრდ-მდე. ზოგადად ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა კი 2.9-ჯერ 1.6 მლრდ-დან 4.6 მლრდ-მდე. ინფორმაციის გავრცელების ასეთი სისწრაფე პანიკას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მკაცრი ზომების მიღებას აიძულებს. ეკონომისტთა უმრავლესობის განცხადებით, რასაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ეთანხმება, გაჩერებული ეკონომიკა უფრო მეტ ზარალს გამოიწვევს და უფრო მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება ვიდრე უშუალოდ კორონავირუსი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი