logo_geo
ნანა ჩაჩუა: თვითიზოლაციის დადებით მხარეებს ასახელებს
- +

28 მარტი. 2020. 22:03

 

 

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მიიჩნევს, რომ ახლა ადამიანებს ოჯახის წევრების გაცნობის, მოვლენების სხვაგვარად აღქმისა და კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებლობის აღებით გამოწვეული დადებითი ემოციების შეგრძნების საშუალება ეძლევათ.

 

"იმ მდგომარეობას, რაშიც ეხლა ჩვენი ოჯახები იმყოფებიან, უაღრესად დადებითი მხარეები აქვს. ხშირად ოჯახის წევრები სათანადოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ახლა გვაქვს საშუალება გავიცნოთ და დავიახლოვოთ ისინი. მთავრია, ჩვენ რას დავარქმევთ ამ მდგომარეობას. თუ სიტყვა თვითიზოლაციას მოვაშორებთ თვით-ს და მარტო იზოლაციას დავტოვებთ, სტრესული იქნება, მაგრამ სიტყვა თვით უსათუოდ ნიშნავს, რომ ეს შენ ნებასთან უნდა იყოს შესაბამისობაში. ახლა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ საკუთარი თავი დავინახოთ, დავინახოთ, რომ ჩვენ სამყაროს ნაწილები ვართ და კონკრეტულ სიტუაციას აქედან გამომდინარე ვუპასუხოთ. ამიტომ ამ პროცესს თუ საქმეს დავარქმევთ, მაშინ თვითიზოლაციას სხვა რაკურსით შეხედავ. ეს ნიშნავს, რომ იღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე და პასუხისმგებლობის აღება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტია და ის შინაგან აბსოლუტურ თავისუფლებას გვაგრძნობინებს", - აღნიშნა ფსიქოლოგმა.

 

ნანა ჩაჩუამ დისტანცირებული მუშაობისას ოჯახის სხვა წევრებთან ერად თანაცხოვრებისა და საქმის შესრულების დროს ემოციური ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

მისი თქმით, ზრდასრული ადამიანის მხრიდან მოზარდის მიმართ გარკვეულ საქციელზე იგნორირება გამართლებული იქნება, ზოგი ქცევა კი თანაგრძნობას იმსახურებს.

 

ამასთან, ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანს გაცნობიერებული ექნება, რომ ის თანამშრომელთან ერთან ოჯახის წევრიც არის, თვითიზოლაციის პერიოდში სახლიდან მუშაობა დისკომფორტს არ შეუქმნის.

 

"ოჯახის ნებისმიერი ზრდასრული წევრისთვის ეს როლი მიღებული უნდა იყოს არსებულიდან გამომდინარე. როდესაც ერთ სივრცეში აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ თან სამსახურში ხარ, თან ხარ ოჯახის დედა, ცოლი, შვილი - თუ ეს ყველაფერი ერთდროულადაა გამთლიანებული, როგორც შენი ცხოვრება, მაშინ არც ერთი მომენტი გამაღიზიანებელი არ იქნება. ბავშვის ხმაურიც აღარ შეგიშლის ხელს. მოზარდებთან ურთიერთობაში სასურველია მოიქცეთ ისე, როგორც არის რეკომენდებული. მაგალითად იგნორირება გაუკეთოთ ბავშვის ზოგიერთ საქციელი ან პირიქით – უთანაგრძნოთ მას“, - განმარტავს ფსიქოლოგი.

 

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მარტო მყოფ პირებს, ნანა ჩაჩუას თქმით, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ფენომენია.

 

 

ამასთან ფსიქოლოგი ხაზს უსვამს, რომ ახლა საკუთარი თავის გაცნობისა და მისი შეყვარებისთვის საუკეთესო დროა.

 

 

„საკუთარ თავთან დარჩენა ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ფენომენი, თუ ადამიანი საკუთარ თავთან დარჩება და მასში ჩაიხედავს, ის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდება. როცა ჩვენ გარეთ ურთიერთობებში ვეძებთ რაღაცა ისეთს, რომელიც ჩვენ გვიშველის და დაგვეხმარება, მაშასადამე ჩვენ სწორ მიმართულებას ვერ ვირჩევთ. რუსთაველს აქვს ნათქვამი - „თუ შენი თავი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები". რა თქმა უნდა, აქ მატერიალურ სიმდიდრესა და სიღარიბეზე არ გვაქვს ლაპარაკი. ადამიანი არასოდეს არ არის მარტო. ფიზიკური მარტოობა არ ნიშნავს ნამდვილ მარტოობას. ყოველთვის უნდ გვახსოვდეს, რომ განსაცდელს დიდი ძალა აქვს და განსაცდელის ძალა ის არის რომ მიგაახლოებს ღმერთთან და ეს ღმერთი ყოველთვის საკუთარ თავშია. შენი მე, შენი პიროვნული ღერძია. ამიტომ, სიტყვა მარტოობაში არ უნდა ვიგულისხმოთ ფიზიკური და პიროვნული მარტოობა. მარტო რჩება ის, ვინც არ გაითვალისწინებს დღეს რეკომენდაციებს. თუ ახლა არა – მაშ როდის? ახლაა საკუთარი თავის სიყვარულის დრო და უნდა გახსოვდეთ რომ არ ვართ ჩვენ მარტო“, - განაცხადა ფსიქოლოგმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი