logo_geo
სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა
- +

2 აპრილი. 2020. 21:30

 

 

69 წლის ასაკში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის ავტორი, არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მინდიაშვილის ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

 

 

არჩილ მინდიაშვილი 1973 წლიდან მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა ორგანიზაციაში. იყო საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

 

1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად; 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება „კათედრალს“; ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, მათ შორის: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში (1995-2004); წმინდა ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998 წელი) და სხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში; იყო სხვადასხვა არქიტექტურული კონკურსების, მათ შორის: თბილისის საცხოვრებელი კვარტალების კეთილმოწყობის პროექტის (II პრემია, 1972), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების ინტერიერის (1976), თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების (1984), წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის (1989-1990) და სხვა კონკურსების გამარჯვებული.

 

 

არჩილ მინდიაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, წმინდა გიორგისა და ღირსების ორდენების კავალერი.

 

 

big_banner
არქივი