logo_geo
რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსით ავადობა და როდის აღარაა ადამიანი ინფექციის გადამდები
- +

3 აპრილი. 2020. 22:53

 

 

“კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება. საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები 4-6 კვირა გაუგრძელდეთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა, რომელმაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

 

ინფექციონისტს კითხვით მიმართეს, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსის დაავადება, როდის ითვლება განკურნებულად და სხვებისთვის უსაფრთხოდ ადამიანი. ექიმის განმარტებით, დაავადების ხანგრძლივობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

 

 

„დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოები 5-7 დღეში ალაგდება. საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში, შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები 4-6 კვირა გაუგრძელდეთ. მათ ჰოსპიტალში წოლა მოუწევთ. კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტები კი, გარკვეული დროით ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იქნებიან.

 

 

რაც შეეხება განკურნებას, ორი სცენარი არსებობს. მაგალითად, არსებობს პაციენტი, რომელსაც აქვს მსუბუქი სიმპტომები, მაგრამ რჩება სახლში. ანუ, ტესტს არ იკეთებს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაც ალბათობა არსებობს, რომ მას დაავადება სჭირს, მაგრამ ტესტის გაკეთება არაფერს ცვლის და ის რჩება სახლში. არის მეორე ვარიანტი, რომელმაც გაიკეთა ტესტი და დაავადება დაუდასტურდა“, - განაცხადა მაჩაიძემ.

 

 

მისივე თქმით, ადამიანი განკურნებულად და სხვებისთვის უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც სიმპტომების ალაგებიდან მინიმუმ 7 დღეა გასული.

 

 

„სამი ტესტი არსებობს, რომ ადამიანი განკურნებულად ჩაითვალოს და დაბრუნდეს სამსახურში. არ უნდა გქონდეთ ცხელება 72 საათის განმავლობაში. ყველა სხვა სიმპტომი უნდა იყოს გაუმჯობესებული, თუმცა შესაძლოა არა ბოლომდე ალაგებული. მაგალითად, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი და ასე შემდეგ. მინიმუმ შვიდი დღე უნდა იყოს გასული სიმპტომების დასაწყისიდან. ეს არის სამი სიმპტომი, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვეუბნება, რომ ადამიანი განკურნებულად და უსაფრთხოდ ითვლება. მე გირჩევდით, დაიცადოთ არა შვიდი დღე სიმპტომების დასაწყისიდან, არამედ სიმპტომების დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

 

 

მისივე თქმით, ამასთან, განკურნებულად ითვლება ის ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ზედიზედ ორჯერ ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი აჩვენა. მაჩაიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტიც რაღაც დროით ვირუსის გამავრცელებელია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი