logo_geo
ბავშვები და COVID-19 — ამ საკითხზე ჩატარებული ამ დროისათვის უდიდესი კვლევის შედეგები
- +

7 აპრილი. 2020. 20:08

 

 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების შესახებ ჩატარებული ამ დრომდე უდიდესი კვლევა გვთავაზობს ძალიან ადრეულ მტკიცებულებას, რომ მამაკაცებისა და ჩვილი ბავშვების მკაცრად ავადობის რისკები შეიძლება იზრდებოდეს.

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 6 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც შესწავლილია კორონავირუსის 2500-ზე მეტი შემთხვევა 18-წლამდე ასაკის ბავშვებში, 12 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდში. ეს გახლავთ ამ დროისათვის ჩატარებული უდიდეს კვლევა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების შესახებ.

 

 

ზოგადად, მონაცემები მიუთითებდა, რომ ბავშვებს COVID-19-ის სიმპტომები უფრო ნაკლებად უვითარდებათ, ვიდრე ზრდასრულებს. აშშ-ში აღრიცხული მთლიანი შემთხვევების მხოლოდ 1,7 პროცენტი მოდიოდა ბავშვებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ამ ქვეყნის მოსახლეობის 22 პროცენტს შეადგენენ.

 

 

იმ ბავშვებში, რომელთა შესახებაც სრული ინფორმაცია არსებობს, მხოლოდ 73 პროცენტს განუვითარდა სიცხე, ხველება ან სუნთქვის უკმარისობა. იგივე სიმპტომები 18-დან 64 წლამდე ადამიანებში 93 პროცენტ შემთხვევაში შეინიშნება.

 

 

ეს მონაცემები ემთხვევა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, ინფიცირებული ბავშვების უმეტესობა წარმოადგენდა მსუბუქ ან ასიმპტომურ შემთხვევას.

 

 

თუმცა, ზოგიერთ ბავშვს განუვითარდა მძიმე ავადმყოფობა; აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღწერილია 147 ბავშვი, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, ხუთი მათგანის შემთხვევაში კი საჭირო გახდა ინტენსიური მზრუნველობა. სამი ბავშვი გარდაიცვალა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ჩვილ ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ბავშვების სხვა ასაკობრივი ჯგუფების. 95 ჩვილიდან ჰოსპიტალიზება დასჭირდა 62 პროცენტს. 1-დან 17-წლამდე ბავშვებში ეს მაჩვენებელი 14 პროცენტს შეადგენდა.

 

 

 „ცნობილია, რომ ბავშვების იმუნური პასუხები დროთა განმავლობაში ვითარდება. ერთ წლამდე ასაკში, ბავშვს არ აქვს ისეთივე მტკიცე იმუნური პასუხი, როგორც უფრო დიდ ბავშვებსა და ზრდასრულებს“, — ამბობს ამერიკის პედიატრიის აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კომიტეტის თავმჯდომარე, დოქტორი ივონ მალდონადო.

 

 

ბოლო დროს სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ COVID-19-ით მამაკაცები მეტად კვდებიან, ვიდრე ქალები.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 20 მარტის მონაცემებით, დასავლეთ ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 70 პროცენტი მამაკაცია.

 

 

კვლევითი ჯგუფის, სახელად Global Health 50/50-ისა და CNN -ის მიერ ყველაზე დიდი გავრცელების მქონე ხუთი ქვეყნის მონაცემების ანალიზი მიუთითებს, რომ COVID-19-ის დიაგნოზით სიკვდილის ალბათობა მამაკაცების შემთხვევაში 50 პროცენტით მაღალია, ვიდრე ქალებში.

 

 

კორონავირუსით ინფიცირებული 25 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების ანალიზის შემდეგ, რომის ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა დაადგინა, რომ იტალიაში კორონავირუსის პაციენტ მამაკაცებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი რვა პროცენტია, ქალების კი ხუთი პროცენტი. ამავე ანალიზებით ირკვევა, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 58 პროცენტი მამაკაცია.

 

 

როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, მამაკაცები მეტად ეწევიან, ნაკლებად იცავენ ჰიგიენის წესებს და ქალებთან შედარებით უფრო ხშირად აქვთ თანმდევი დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი.

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში COVID-19-ის ბავშვ პაციენტებში 57 პროცენტი ბიჭი იყო. უფრო მეტიც, ბიჭები ჭარბობდნენ ინფიცირებულ ჩვილებშიც. კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ COVID-19-ისადმი სქესის მიხედვით მოწყვლადობაში არსებულ სხვაობაში გარკვეულ როლს შეიძლება თამაშობდეს ბიოლოგიური ფაქტორები.

 

 

თუმცა, ეს კვლევა ჯერ პირველადია და ავტორებს მუშაობა შეზღუდულ მონაცემებთან უწევთ. მათ მიერ შესწავლილ 2572 პედიატრიულ შემთხვევაში, მხოლოდ 9,4 პროცენტი შეიცავს ინფორმაციას პაციენტის სიმპტომების შესახებ, ჰოსპიტალიზაციის შესახებ კი ინფორმაცია მხოლოდ 33 პროცენტის შემთხვევაში იყო ხელმისაწვდომი.

 

 

კვლევის ავტორები ექიმებს ურჩევენ, რომ შეინარჩუნონ „ეჭვის მაღალი ინდექსი“ იმ ბავშვებში, რომლებსაც შეიძლება, COVID-19 ჰქონდეთ, განსაკუთრებით კი ჩვილებისა და სხვა თანმდევი დაავადებების მქონე ბავშვების შემთხვევაში.

 

 

„ზოგადად, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე“, — ამბობს ამერიკის პედიატრიის აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კომიტეტის თავმჯდომარე, დოქტორი ივონ მალდონადო.

 

 

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი