logo_geo
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნაწილი- სამშობლოს შეწირული 21 გმირი
- +

9 აპრილი. 2020. 00:12

 

 

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 კაცი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი - ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გახლდათ.

 

აფხაზეთში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" მიტინგებს ატარებდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ (მიტინგი ანტიაფხაზური კი არა, ანტიიმპერიალისტური იყო) . 1989 წლის 2 აპრილს ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ" ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა.

 

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში.

 

მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

 

საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო, როცა სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სტუდენტების მიტინგი გაიმართა. მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას მოითხოვდნენ. ამავე საღამოს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კიდევ ერთი მიტინგი მოეწყო. გადაწყდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ, საქართველოში დროებითი მთავრობა შექმნილიყო და ავტონომიურო ფორმირებები გაუქმებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეთა უმრავლესობა მთავრობის სახლისაკენ გაემართა. შედგა ახალი მიტინგი, რომელიც მეორე დილის 5 საათისათვის დამთავრდა, როცა ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.

 

 

5 აპრილს აფხაზეთის პრობლემატიკამ მომიტინგეთათვის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ორატორთა გამოსვლებში აქცენტი სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნაზე გაკეთდა. ეროვნული მოძრაობის რადიკალურმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებოდა. მომიტინგეებს თანდათან სხვადასხვა საწარმოებისა და სასწავლებლების წარმომადგენლები უერთდებოდნენ. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც შენობებში მასწავლებლებსა და სტუდენტებს არ უშვებდნენ და გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. გამოცხადდა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა მოთხოვნა, საქართველო სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსულიყო, საყოველთაო-ეროვნული გაფიცვა და მასობრივი შიმშილობა დაიწყებოდა.

 

 

7 აპრილისათვის მთავრობის სახლის წინ უკვე საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ.

 

 

 

მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა.

 

8 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. ლიდერები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, არ წასულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ. მათ ყურად არ იღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის - ილია მეორის მოწოდება სასწრაფოდ დაშლის შესახებ...

 

 

 

9 აპრილის დილისათვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები ბრძანების შესასრულებლად მზად იყვნენ. მომიტინგეთა დაშლა საქართველოს მილიციასაც კი არ ანდეს. მოსკოვიდან თვითმფრინავებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით გამოაგზავნეს. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს. შეიარაღებულნი იყვნენ სელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

 

 

 

მთავრობის სასახლის წინ ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა. უმწეო მსხვერპლთ ალესილ ნიჩბებსა და ხელკეტებს უტრტყამდნენ შეძახილებით "სტალინისათვის!". მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. მოედანზე მხოლოდ საშინლად დასახიჩრებული და ბარბაროსულად მოკლული ადამიანების გვამები დარჩა. 200-ზე მეტი კაცი გაზით მოიწამლა, მრავალი კი - დაიჭრა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ქიმიური იარაღიც იყო გამოყენებული. ექიმები დაზარალებულებს ვერ ეხმარებოდნენ, რადგან არ იცოდნენ ამ ქიმიური იარაღის შემადგენლობა. სამხედროებმა კი, რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო არ გაამხილეს.

 

 

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნაწილი:

 

აზა ადამია, 22 წლის

 

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის

 

ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის

 

ნატო გიორგაძე, 23 წლის

 

თამუნა დოლიძე, 28 წლის

 

თინა ენუქიძე, 70 წლის

 

ნინო თოიძე, 25 წლის

 

ზაირა კიკვიძე, 61 წლის

 

მანანა ლოლაძე, 33 წლის

 

თამარ მამულიშვილი, 50 წლის

 

ვენერა მეტრეველი

 

მამუკა ნოზაძე, 22 წლის

 

ნანა სამარგულიანი, 41 წლის

 

შალვა ქვასროლიაშვილი,

 

მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის

 

ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის

 

თამარ ჭოველიძე, 16 წლის

 

ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის

 

მზია ჯინჭარაძე, 43 წლის

 

მანანა მელქაძე, 23 წლის

 

გია ქარსელაძე, 25 წლის

 

 

big_banner
არქივი