logo_geo
პუტინმა ეკლესიის მოზაიკაზე გამოსახვა "დროებით" გადაიფიქრა
- +

1 მაისი. 2020. 16:07

 

 

რუსეთში, თავდაცვის სამინისტროს მშენებარე ტაძარში ვლადიმირ პუტინის გამოსახულების გაკეთება გადაიფიქრეს.

 

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ტაძრის წინამძღოლმა მამა სტეფანმა განუცხადა.

 

 

მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველმა თავად მიიღო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ „ასეთი ნაბიჯი ნაადრევია“. თანამედროვე ბელადის ეს სიტყვები მისმა პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა: “ოდესმე მადლიერი შთამომავლობა დააფასებს ჩვენს დამსახურებებს, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ადრეა” – უთქვამს ამხანაგ ვლადიმირს.

 

 

მამა სტეფანის თქმით, ამ დრომდე გადაწყვეტილი არაა ტაძარი როდის გაიხსნება. თავდაპირველად ტაძრის 6 მაისს გახსნას გეგმავდენ, მოგვიანებით 9 მაისისთვის გადაიდო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრის გახსნა გაურკვეველი ვადით ისევ გადაიდო.

 

 

შეგახსენებთ, რუსეთში უზარმაზარი საკათედრო ტაძრის გახსნას გეგმავენ, რომელზეც იოსებ სტალინის პორტრეტები, ასევე, ყირიმის ანექსიისა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74 წლისთავის ამსახველი სცენები მოზაიკით იქნება გამოსახული.

 

 

95-მეტრიანი კონსტრუქცია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება.

 

 

იგი მოსკოვის გარეთ, პატრიოტების პარკში შენდება.

 

 

 

 

 

 

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო მოზაიკამ, სადაც პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის სხვა ოფიციალური პირები იყვნენ გამოსახული. მოზაიკაზე ასევე ჩანდა ცნობილი რუსი გენერალი, ვალერი გერასიმოვი და სერგეი ასკიონოვი, რომელიც პუტინმა ანექსირებული ყირიმის მმართველად დანიშნა.

 

 

ასევე, გამოსახული იყვნენ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბორტკინოვი.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით,  მოზაიკას, სადაც პუტინია გამოსახული, შეინახავენ, ხოლო მის ნაცვლად გაკეთდება ახალი, სადაც ასახული იქნება მსვლელობა „ყირიმის შეერთების“ შემდეგ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი