logo_geo
ის, რომ 90 წლის ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილისთვის მზად ვარ – ამერიკელი მოხუცის მიმართვა მსოფლიოს
- +

5 მაისი. 2020. 14:07

 

 

 

90 წლის ამერიკელი მოხუცი მსოფლიოს მიმართავს. იგი საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვება და აცხადებს, რომ კორონავირუსის მკურნალობისას ასაკის მიხედვით სელექცია უსამართლობაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ 90 წლისაა, არ ნიშნავს, რომ სიკვდილისთვის მზად არის. გთავაზობთ ვარდა იორანის წერილს:

 

 

„მეოთხედი წელიწადია, რაც პენსიონერი ვარ, კვლავ აქტიური გახლავართ, ვკითხულობ და ვწერ ესეებს. ვსაუბრობ 4 ენაზე და ვიყენებ ელექტრონულ ფოსტასა და WhatsApp–ს ახლობლებთან ურთიერთობისთვის ფინეთში, ჩინეთში, ნორვეგიაში, ინგლისში, ისრაელში, რუსეთში, ტაილანდსა და აშშ–ის მთელს ტერიტორიაზე. ვმართავ ჩემ მიერ შექმნილ ფონდს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუც ადამიანებს ეხმარება. ვესწრები და ორგანიზებას ვუწერ Zoom–ის საშუალებით ფილოსოფიურ კლუბს, რომელიც განიხილავს ეთიკის წესებს, პატიებას, მრისხანებას, კრეატიულობასა და კიდევ მრავალ საკითხს.

 

 

ამ დროისათვის ჩემი რუტინა შეიცვალა. Covid-19–მა ყველაფერი ერთი გასროლით დახურა. 90 წლის განმავლობაში მრავალი თავგადასავალი გადამხდა, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არასდროს მინახავს. ჩემი ქალიშვილი წუხდა იმაზე, რომ ქალაქში შედარებით დაუცველი ვიქნებოდი, რადგან ნაკლებად ექნებოდა ჩემი მოვლის საშუალება. დავტოვე ბრუკლინი და ახლა მასთან და ჩემს შვილიშვილთან, ასევე, სიძესთან ერთად ვცხოვრობ. იზოლაციაში და უსაფრთხოდ ვიმყოფებით. ჩემი ერთადერთი სასეირნო პერიმეტრია    უახლოესი ლაბორატორია, სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების მიზნით – ნიღაბსა და ხელთათმანებში გამოწყობილი.

 

 

ვინ იცის, რა მიმართულებით გველის ცვლილებები? ამ ეტაპზე რაც დავინახე, არის ის, რომ კრიზისმა საუკეთესო გამოამჟღავნა კარგ ადამიანებსა და უარყოფითი – ცუდ ადამიანებში. ახლა კი ვხედავ, რომ თანამშრომლობა და თანადგომა მასშტაბურად აუცილებელია იმისათვის, რომ მსოფლიო სწორ გზაზე დავაყენოთ.

 

 

ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა, იფიქროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი მომკლავს, არაფერია, რადგან სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრე და კი, ეს ასეა.

 

 

დავიბადე ჩინეთში, ჩემი მშობლები ებრაელები იყვნენ, რომლებმაც რუსეთი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დატოვეს, რათა ეპოვათ თავშესაფარი ანტისემიტიზმისგან, შიმშილისა და დევნისგან. ჩემი ცხოვრების 20 წელიწადი ჩინეთში გავატარე, გადავიტანე იაპონური ოკუპაციის წლები მეორე მსოფლიო ომის დროს. შემდგომი 30 წელიწადი ისრაელში გავატარე. ვმუშაობდი BBC–ში, ვიყავი გრაფიკოსი და ვასწავლიდი ივრითს ევროპიდან დაბრუნებული ოჯახების შვილებს. დავქორწინდი და გავზარდე ორი ქალიშვილი. საბოლოოდ, ჩემი ქმრის სამსახურმა 1979 წელს აშშ–ში ჩამოგვიყვანა. მაშინ 50 წლის ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ როგორც ხელოვანი, ისე განვითარდებოდი.

 

 

60 წლის ასაკში 5 დიდი სკულპტურა შევქმენი ისრაელისთვის ღია სივრცეში დასადგამად. 70 წლიდან დავიწყე სახელის მოხვეჭა, როგორც მწერალმა. 82 წლის ასაკში შევქმენი არაკომერციული ორგანიზაცია. 89 წლის ასაკში, ანუ ერთი წლის წინ მეორე წიგნი გამოვეცი და კიდევ ბევრი საქმე მაქვს წინ.

 

 

მე არ ვარ ერთჯერადი და მწყინს იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასაკი მიუთითებს, ღირს თუ არა ადამიანის გადარჩენა. შემიძლია გითხრათ, რომ მეც და ჩემს ახლობლებსაც გვსურს, დიდხანს ვიცოცხლოთ. მინდა, დავესწრო ჩემი შვილიშვილის გამოსაშვებ საღამოს და ვნახო, სად ჩააბარებს ის. მინდა, მოვესწრო შვილთაშვილს ჩემი უფროსი შვილიშვილისგან. მინდა, განვაგრძო ჩემი ბედნიერი ცხოვრება. ისეთი სიხშირით აღარ შემიძლია მოგზაურობა, როგორც – ადრე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ისრაელში კვლავ ჩასვლისა. ის, რომ 90 წლის ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილისთვის მზად ვარ.

 

 

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ოცნებები, ჩვენი პროდუქტიულობა არ სრულდება 65 წლის ასაკს მიღწევით , ასაკის, რომელიც, საზოგადოების აზრით,  „საკმარისად მოხუცს“ ნიშნავს.

 

 

ხანდაზმული ადამიანები შეიძლება, იყვნენ პროდუქტიულები და თავიანთი წვლილი შეიტანონ მსოფლიო საქმიანობაში.

 

 

მე 90 წლის ვარ და კარანტინის დასრულებას ველოდები. სანამ ისევ შემოქმედებითი ვარ და გარსშემორტყმული გახლავართ ოჯახისა და მეგობრების სიყვარულით, სანამ სიცოცხლით ისევ ვტკბები, არავის აქვს უფლება, არ გამითვალისწინოს“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი