საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.