logo_geo
სტრასბურგის სასამართლომ 2004-2007 წლებში სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობებისა და მკურნალობის გამო დარღვევა დაადგინა
- +

14 მაისი. 2020. 14:58

 

 

2020 წლის 14 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და 34-ე (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა.

 

საქმე ეხება მომჩივნების - ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა (პირველი და მეორე მომჩივანი -მეუღლეები) და მათი ერთ-ერთი შვილის - არჩილ ქადაგიშვილის (მესამე მომჩივანი) მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი და მესამე მომჩივნის პატიმრობის არასათანადო პირობებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.

 

საქმის გარემოებების თანახმად, 2004 წლის ივლისში ამირან და არჩილ ქადაგიშვილები დააკავეს სხვადასხვა ფინანსური დანაშაულის საფუძველზე, რომელიც უკავშირდებოდა პირველი მომჩივნის მიერ დაარსებული კომპანიის - „გამაბანკის“ საქმიანობას. 2004 წლის სექტემბერში, აგრეთვე დაკავებულ იქნა მეორე მომჩივანი - ნანა ქადაგიშვილი.

 

ევროპული სასამართლოს წინაშე, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ამირან და არჩილ ქადაგიშვილები დავობდნენ, რომ თბილისის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობის პირობები იყო ძალიან ცუდი. კერძოდ, მათ საკანში იყო სიბინძურე და მწერები. 10 კვ.მ საკანი საერთოდ არ ნიავდებოდა და ორი მომჩივნის გარდა ოთხი სხვა პატიმარი იხდიდა სასჯელს, რომლებიც აქტიური მწეველები იყვნენ. მომჩივნები ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით. ამასთან, საკანში არ ჰქონდათ საპირფარეშო და დღეში მხოლოდ სამჯერ, კონკრეტულ დროებში შეეძლოთ საკნის გარეთ არსებული საპირფარეშოთი სარგებლობა.

 

ასევე, მომჩივნებს არ მიუღიათ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისი მკურნალობა (პირველ მომჩივანს აწუხებდა II ტიპის დიაბეტი, ხოლო მესამე მომჩივანს - ადენომა).

 

აღსანიშნავია, რომ 2006 წლის დეკემბრიდან მომჩივნები გადაიყვანეს რუსთავის N2 დაწესებულებაში, თუმცა 2007 წლის 15 აგვისტოს მომჩივანთა წარმომადგენლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს ამირან და არჩილ ქადაგიშვილების ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე. იმავე წლის 22 აგვისტოს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მთავრობას დააკისრა დროებითი ღონისძიება და მოუწოდა, ისინი გადაეყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 2007 წლის 12 სექტემბერს მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ არ არსებობდა პირველი მომჩივნის გადაყვანის საჭიროება, ვინაიდან რუსთავის ციხე სათანადოდ იყო აღჭურვილი, სადაც მომჩივანს მეთვალყურეობდა სამედიცინო პერსონალი. მესამე მომჩივანთან დაკავშირებით მთავრობამ განმარტა, რომ 2007 წლის 1 სექტემბერს იგი მოათავსეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მას საჭირო მკურნალობას უტარებდნენ. პირველი და მესამე მომჩივანი დავობდნენ, რომ მთავრობის მიერ სათანადოდ არ იქნა შესრულებული ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული დროებითი ღონისძიება, რაც არღვევდა კონვენციის 34-ე მუხლს.

 

მომჩივნები აგრეთვე დავობდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციის VI (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დ VII (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) მუხლები და დამატებითი ოქმის I მუხლი (საკუთრების დაცვა).

 

ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2004-2007 წლებში ამირან და არჩილ ქადაგიშვილების მკურნალობა და მათი პირობები N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო არასათანადო, რის გამოც დაირღვა ევროპულ კონვენციის III მუხლი (წამების აკრძალვა). აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის 34-ე მუხლის (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) დარღვევა, რადგან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პირველ მომჩივანთან მიმართებით არ შეასრულა ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიება და ამირან ქადაგიშვილი არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ. სასამართლომ სხვა გასაჩივრებული მუხლების დარღვევა არ დაადგინა.

 

აღნიშნული დარღვევების გამო ამირან და არჩილ ქადაგიშვილების სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 12 000-12 000 ევროს გადახდის ვალდებულება.

 

 

big_banner
არქივი