logo_geo
თამბაქოსგან წარმოებულ COVID-19-ის ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან
- +

19 მაისი. 2020. 18:50

 

 

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) კომპანია Kentucky BioProcessing-ის მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილ პოტენციურ ვაქცინას სწავლობს. Bloomberg-ის მიხედვით, FDA-ის დასტურის შემდეგ, კომპანიას შეეძლება, ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადოს.

 

 

Kentucky BioProcessing-ი თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, BAT-ის შვილობილია და ის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს. ინოვაციური მიმართულება, რომელიც კომპანიის მიერ არის დანერგილი, თამბაქოს ფოთლების მეშვეობით, ახალი თაობის ვაქცინების წარმოებაა. COVID-19-ის პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობის შესახებ, BAT-მა აპრილის დასაწყისში განაცხადა.

 

 

BAT-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კომპანია FDA-ისგან პასუხის მიღებას უახლოესი კვირების განმავლობაში ელის.

 

 

ვაქცინების წარმოების ტრადიციული მეთოდით ვაქცინის რეპლიკაცია ქათმის კვერცხში ხდება. იმის გამო, რომ ქათმის კვერცხი ცხოველურ ორგანიზმს წარმოადგენს, მას გარკვეული გავლენა აქვს ვირუსზე და პერიოდულად მისი მუტაციაც ხდება.

 

 

Kentucky BioProcessing-ი კი, ვაქცინას მცენარეული ორგანიზმით აწარმოებს, რასაც კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე უპირატესობა გააჩნია ვაქცინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიასთან მიმართებით, კერძოდ:

 

 

  • აღნიშნული ტექნოლოგია პოტენციურად უსაფრთხოა, რადგან თამბაქოს ფოთლები არ შეიცავენ იმ ტიპის პათოგენებს, რაც იწვევს დაავადებებს ადამიანში;

 

 

  • უფრო სწრაფია, რადგან ვაქცინის ელემენტების აკუმულირება თამბაქოს ნერგში ხდება გაცილებით სწრაფად - 6 კვირაში, ტრადიციულ მეთოდებიოთ კი მას მრავალი თვე სჭირდება;

 

 

  • ვაქცინა ვარგისია ოთახის ტემპერატურის პირობებშიც კი, როცა ტრადიციული ვაქცინები ხშირად სპეციალურ მაცივრებს საჭიროებენ;

 

 

  • ერთი დოზაც საკმარისია შესაბამისი იმუნური მხარდაჭერის მისაღწევად.

 

 

BAT-ის ამერიკულმა შვილობილმა კომპანიამ Reynolds American Inc-მა ბიოტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია KBP 2014 წელს შეიძინა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი