logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: კორონავირუსი არსად გაქრება, ის დარჩება ადამიანთა შორის და ავადობაც მოიმატებს შემოდგომა-ზამთარში
- +

22 მაისი. 2020. 02:15

 

 

მეც ძალიან მაინტერესებს, როგორ მოიქცევა ეს ვირუსი მომავალში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიომ ჯერ ბევრი არაფერი იცის ამ ვირუსის შესახებ, ამიტომ სპეციალისტები უნდა დააკვირდნენ ვირუსის ქცევის წესებს სამხრეთ ნახევარსფეროში, როგორ მოიქცევა ზამთრის პერიოდში იქ, ჯანდაცვის სისტემები კი ყველა ქვეყანაში უნდა მოემზადონ შემოდგომისა და ზამთრისთვის, რადგან, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კოვიდი არსად გაქრება, ის დარჩება ადამიანთა შორის და ისევე, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსების, კოვიდის ავადობაც მოიმატებს შემოდგომა-ზამთარში.

 

ზოგ ქვეყანას არც მიუმართავს მკაცრი ღონისძიებებისთვის და პროცესები მიუშვეს ბუნებრივი განვითარების ციკლში. ასეთ ქვეყნებში მაღალია ავადობის რიცხვი. იმ ქვეყნებში, სადაც პრობლემებია ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების მხრივ, აშკარად გამოვლინდა მაღალი ლეტალობაც. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ შეკავების ღონისძიებების სიმკაცრე პირდაპირპროპორციულია დაავადების გავრცელების და ამის მაგალითი რამდენიმე ქვეყანაა, თუმცა სრულიად გასაგებია, რომ ასეთი მკაცრი შეკავების პირობებში ადამიანთა ცხოვრება ძალიან რთულია, ამიტომ ქვეყნებს უწევთ ვარირება შეკავების მკაცრ და ნაკლებად მკაცრ ზომებს შორის, რომ შეინარჩუნონ, ერთი მხრივ, მდგრადი ეკონომიკური სისტემა და, მეორე მხრივ, ადამიანთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ. " - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

მისი განმარტებით, თუ პარალელს გავავლებთ სხვა, მაგალითად გრიპის პანდემიებთან, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსების აქტივობა სხვადასხვა ქვეყანაში პირველი გამოჩენის შემდეგ სხვადასხვაგვარად მერყეობს, ამიტომ იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევა ვირუსი კონკრეტულ ქვეყანაში, რთულია.

 

გამოვლინდა, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილისთვის გრიპის პანდემიის პირველი წელი იყო მძიმე, ნაწილისთვის _ მეორე წელი. რეალურად, კოვიდისთვის პირველი წელი ჯერ არც დასრულებულა, უბრალოდ, ევროპის ქვეყნებში მისი ძლიერი ტალღა წამოვიდა გაზახფულიდან და აცდა ზამთრის სეზონს, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ქვეყნებისთვის ეს იყო ნახევარი სეზონი, და არა მთელი სეზონი, რომელიც რესპირაციული ვირუსებისთვის ჩრდილოეთის ქვეყნებშია დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, ალბათ მოსალოდნელია, რომ ზოგ ქვეყანაში მივიღოთ შემოდგომა-ზამთარში არცთუ უმნიშვნელო დარტყმა კოვიდ ინფექციის, რაც შესაძლებელია შეზავებული იყოს გრიპის, ან სხვა რესპირაციული ვირუსით, ამან კი შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა. სწორედ ამიტომ, სანამ არ გვაქვს ვაქცინა და არ არსებობს სპეციფიკური მედიკამენტები, ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ, რომ არაპირდაპირი პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებით როგორმე შევამციროთ კოვიდით ავადობა. ასევე ყველა სპეციფიკური საშუალება უნდა იყოს გამოყენებული, რათა შემცირდეს სხვა რესპირაციული ვირუსით, კერძოდ გრიპით გამოწვეული ავადობა, ვგულისხმობ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალი სეზონისთვის." - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი