logo_geo
მედუქნე, რომელმაც ოქროს გამარჯობა ამჯობინა – აზარიანცის სახლის ისტორია
- +

22 მაისი. 2020. 17:07

 

 

რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის მოპირდაპირე მხარეს, გამორჩეული არქიტექტურის და იერსახის შენობა დგას. თბილისელები მას აზარიანცის სახლად მოიხსენიებენ. ახლა ძნელი წარმოსადგენია, თუმცა თავის დროზე აქ დიდი ნაგავსაყრელი ყოფილა. ტფილისის მთავარი ქუჩა, გოლოვინის პროსპექტი, სწორედ აქ მთავრდებოდა. მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20 საუკუნის დასაწყისი ის პერიოდია, როცა თბილისი ამიერკავკასიის მთავარ  პოლიტიკურ და ფინანსურ ცენტრად ყალიბდება. ქალაქს ახალ-ახალი შენობები თითქმის ყოველწლიურად ემატება. ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის მაშინდელ მერთან, ალექსანდრე ხატისოვთან ტფილისში კარგად ცნობილი ვაჭარი, მელიქ აზარიანცი მისულა და სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი მოუთხოვია.  ხატისოვს უარი არ უთქვამს, თუმცა მისმა პასუხმა  აზარიანცი ფრიად გაანაწყენა.

 

 

ხატისოვი აზარიანცს მშენებლობის დაწყებას ნაგავსაყრელზე სთავაზობდა. მერის შემოთავაზება აზარიანცმა შორს დაიჭირა, თუმცა მოგვიანებით მაინც დათანხმდა და დაიწყო. ნაგავსაყრელის ამოვსებას ასეულობით ტონა მიწა დასჭირდა. მერე ნაგავსაყრელთან არსებულ ჯიხურებს მიადგა შესასყიდად. საქმე თითქოს ადვილად მოაგვარა – ჯიხურები ჩალის ფასი ღირდა, თუმცა ერთს ვერაფერი მოუხერხა: გაჯიუტდა მისი პატრონი, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო.

 

 

აზარიანცი იძულებული გახდა, თანხა გაეორმაგებინა, თუმცა უშედეგოდ. იგი მზად იყო, დუქნის მეპატრონისთვის მისი წონა ოქრო გადაეხადა, არც ამან გაჭრა. ბოლოს გაჯიუტებულ მეპატრონეს ისეთი ხალხი მიუგზავნა, მაშინდელ ტფილისში სიტყვა რომ ეთქმოდათ, თუმცა ამაოდ. აუხსენით მაგ თქვენს აზარიანცს, რომ ჩემთვის მთავარი ოქრო კი არა, ის ხალხია, ვინც აქ ყოველ დილა-საღამოს მხვდება და სალამს მეუბნებაო. მოკლედ, ჩემთვის ოქროზე უფრო ძვირფასი ურთიერთობებია და აზარიანცსაც მოუწევს ამასთან შეგუებაო – უთქვამს იმ თბილისელს და ასეც მოხდა. როგორც ირკვევა, სანამ ის „უცნაური ტფილისელი” ცოცხალი იყო, ის ჯიხურიც იმ ადგილზე მდგარა.

 

 

ასე იყო თუ ისე, მშენებლობა 1911 წელს დაიწყო და 1915 წელს დასრულდა. პროექტის ავტორი რუსი არქიტექტორი ნაკალაი ობოლოვსკი იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი