logo_geo
მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, სიყვარულით, ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს
- +

23 მაისი. 2020. 16:16

 

 

“ვევედროთ უფალს, რათა სიყვარულით, ერთობით კვლავ მოვესწროთ ჩვენს გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან ერთად სიყვარულით შევძლოთ აფხაზეთის დღის აღნიშვნა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

 

 

მეუფე შიომ მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლინა.

 

 

“ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს გილოცავთ. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას. თქვენ იცით, რომ მან ეს დღე დაადგინა როგორც აფხაზეთობა, აფხაზეთის დღესასწაულად. ვინაიდან, წმინდა სვიმონ კანანელმა აფხაზეთში იქადაგა. ის აფხაზეთის და ჩვენი ქვეყნის განმანათლებელია. ვართ ბედნიერი, რომ ჩვენი ერი არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ჩვენ ქვეყანაში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. დღეს ამისთვის უფალს ვმადლობთ. ვინაიდან მათ მოიტანეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნია და გააჩნდა საქართველოს, ეს არის უფლის სიტყვა, მისი ეკლესია და მადლი სულისა წმინდისა. როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს, გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რა არის ეს გზა, რა არის ჭეშმარიტება, ცხოვრება როგორი უნდა იყოს. ამაზე პასუხს უფალი იესო ქრისტე იძლევა. თუ რა არის ეს გზა.

 

 

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. წმინდა სვიმონ კანანელს ვევედროთ, რომ ჩვენ ამ მცნებების დაცვა და ამ გზით სიარული შევძლოთ. ეს არის ერთადერთი გადარჩენის გზა ჩვენი ერისთვის. დღეს ჩვენ ამ სიხარულთან და ზეიმთან ერთად გვაქვს მწუხარებაც. ვიხსენებთ იმ დიდ ტრაგედიას, ძმათა მკვლელ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღეს ვერ ჩავდივართ აფხაზეთში, რომ იქ ვიზეიმოთ წმინდა სვიმონ კანანელის საფლავთან, აფხაზებთან ერთად, ჩვენ ძმებთან ერთად. მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მრავალჯერ უთქვამს, რომ ჩვენს შორის საოცარი დიდი ძმობა იყო. სამწუხაროდ, გარეშე ძალებმა ჩვენს შორის მტრობის ჩამოგდება მოახერხეს. გარეშე ძალებთან ერთად, ალბათ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ბრალეულობაც არის ამ ყველაფერში. ქრისტიანულ სწავლებაში არის ასეთი დებულება, როდესაც მოყვასთა შორის არის კონფლიქტი, მით უმეტეს ძმათა შორის, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, რომელსაც ძმათა მკვლელი ომი ეწოდება, შეუძლებელია, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს მართალი და მეორე მტყუანი. ქრისტიანობა ამას გვასწავლის. ასეთ დროს ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე. ყოველთვის ორივემ უნდა მოძებნოს თავის ბრალეულობა, რათა ეს ჩატეხილი ხიდი გამთლიანდეს და ისევ აღდგეს ნდობა და სიყვარული, რომლისთვისაც ჩვენ დღეს ვლოცულობთ. უფალმა წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით ინებოს, რომ ჩვენ ეს სინანული გავიაზროთ დღეს. ვევედროთ მას, რომ ჩვენ ეს სინანული მოგვეცეს რათა სიყვარულით, ერთობით კვლავ მოვესწროთ ჩვენ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან ერთად სიყვარულით შევძლოთ ამ დღის ზეიმი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

big_banner
არქივი