logo_geo
გამყრელიძე ონიშჩენკოს: „მოეშვი “ველიკოდერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ
- +

28 მაისი. 2020. 22:37

 

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის დელეგაციას მხოლოდ საერთაშორისო მისიების ფორმატში მიიღებს.

 

„30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ეს როგორმე უნდა გაითავისონ და შეეგუონ. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, რუსი მეცნიერები და ჟურნალისტები ბევრჯერ არიან ნამყოფი ლუგარის ლაბორატორიაში და ყველა გამოხტომას, რაც პერიოდულად ხდება რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.

 

ამირან გამყრელიძემ ასევე მიმართა რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილ უფროსს, რუსეთის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი ონიშჩენკოს, რომელსაც, მისი თქმით, დიდი ხანია იცნობს. ონიშჩენკომ მანამდე განაცხადა, რომ თუ ლუგარის ცენტრში სამხედრო მიკრობიოლოგები მუშაობენ, ეს გაერო-ს კონვენციის დარღვევა იქნებოდა.

 

ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, გავალებენ. სამჯერ დაგპატიჟეთ. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს. კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში. მოეშვი “ველიკა დერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

საქართველომ რუსულ მხარეს შესთავაზა, 2018 წლის 14-15 ნოემბერს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან უსაფრთხოებისა და ბიოექსპერტების მონაწილეობით ლუგარის ცენტრში გამართულ საერთაშორისო ვარჯიშში მიეღო მონაწილეობა, რაც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად გაიმართა, თუმცა უარი მიიღო.

 

რომ ამბობენ, ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა დოკუმენტაციაზე… ეს პირობა იყო ზუსტად, როდესაც აქ ჩამოვიდა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის გაერო-კონვენციის ეგიდით დელეგაცია. ყველა ოთახში იყვნენ. 4 ექსპერტი, რომელსაც თავის ქვეყანაში მე-3 დონის ლაბორატორიაში დაშვების უფლება ჰქონდა, ჩვენს მე-3 დონის ლაბორატორიაში შევიდნენ. არათუ ყველა ოთახში, ყველა მაცივარი გამოაღეს. ყველა დოკუმენტაცია ნახეს, კომპიუტერებიც. [რუსებმა] უარი თქვეს ამ მისიაში მონაწილეობაზე. ახლაც, როცა იქნება საერთაშორისო მისია, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის საყოველთაოდ მიღებული წესი ასეთი ლაბორატორიების შემოწმების”, – განაცხადა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ და ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი