მსახიობ ლია ელიავას მოგონებებიდან:
„პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა", - იხსენებდა ლია ელიავა.
მოსკოვში სწავლის პერიოდში ლია ელიავა ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ამ პერიოდში ჩავიდა მოსკოვში ფილმ „ბაში-აჩუკის" გადამღები ჯგუფი და რეჟისორმა ლეო ესაკიამ ლია ტყუპი დის - პირიმზესა და პირიმთვარისას როლზე დაამტკიცა.
„ბაში-აჩუკის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლიამ მომავალი მეუღლე ოთარ კობერიძე. „ლია ელიავა პირველად „ბაში-აჩუკის“ ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა," - იხსენებდა მსახიობი.