logo_geo
მეუფე შიო: პატრიარქმა თქვა, რომ ადამიანი სიხარულისთვის არის შექმნილი, აქ საუბარია სულიერ სიხარულზე, ღმერთმა ინებოს, რომ ვიაროთ სულის გადარჩენის გზით
- +

31 მაისი. 2020. 14:15

 

 

„საუკუნო ცხოვრება ეს არის შეცნობა უფლისა, ანუ მადლის მოხვეჭა. მხოლოდ სულიწმიდის მადლით ხდება ეს, ვერანაირი ჩვენი პირადი მეცადინეობით მარტო ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ, ამისთვის არის ეკლესიური ცხოვრება“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, დღეს ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს მოიხსენიებს, ასევე მოციქულთასწორებს - მირიან მეფეს და დედოფალ ნანას.

 

მეუფე შიომ ქადაგებისას პირველი მსოფლიო კრების და არიოზის სწავლების შესახებ ისაუბრა. ქადაგებისას მან ასევე საუკუნო ცხოვრებაზე და ღმერთის შემეცნებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„საუკუნო ცხოვრება ეს არის შეცნობა, შემეცნება ღმერთის. ეს არის მთავარი რამ ჩვენს სარწმუნოებაში. თუ გვინდა სულის გადარჩენა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ შემეცნებისათვის, შეცნობისთვის, მაგრამ რა არის შეცნობა? ადამიანური ცხოვრებიდან რომ ავიღოთ, როდის ვამბობთ ჩვენ, რომ ვიცნობთ ადამიანს კარგად? მრავალ ადამიანს ვიცნობთ, მაგრამ სიღრმისეულად, ღრმად როდის ვიცნობთ ჩვენ ადამიანს? - როდესაც მასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობთ, ან ჩვენი ოჯახის წევრია, მეგობარი, ან მრავალი რამ გაგვივლია ერთად. ვიცით, იგი რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა სურს მას, რა სტკივა, რა უხარია და ა.შ. მაშინ ვამბობთ ჩვენ ვიცით, ვინ არის ეს ადამიანი სინამდვილეში. ასევე არის ღმერთის შეცნობაც. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცნობთ უფალს, როცა ჩვენ ვიცით რა სურს ღმერთს, რას ფიქრობს იგი, რა ჰნებავს მას ჩვენთან მიმართებაში, რა მოსწონს უფალს, რა არ მოსწონს. ამის შემეცნება არის სულის ცხონება, სულის გადარჩენა. ეს არ არის უბრალოდ თეორიული ცოდნა დოგმატების ან ეკლესიის სწავლების, ეს არ არის საკმარისი. აქ სულ სხვა რამ იგულისხმება. აქ იგულისხმება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სულში სულიწმიდის მადლი დაივანებს, როდესაც უფალი ცხოვრობს ჩვენს სულში. მაშინ შეგვიძლია, ჩვენ ვთქვათ, რომ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ ასევე.

 

საუკუნო ცხოვრება ეს არის შეცნობა უფლისა, ანუ მადლის მოხვეჭა. მხოლოდ სულიწმიდის მადლით ხდება ეს. ვერანაირი ჩვენი პირადი მეცადინეობით მარტო ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ. ამისთვის არის ეკლესიური ცხოვრება, აუცილებელია მცნებების შესრულება. მცნებენის შესრულებით ადამიანი ნელ-ნელა გულისხმა-ჰყოფს, რომ ის უძლურია სასუფეველი დაიმკვიდროს, თვითონ მოიხვეჭოს მადლი, საუკუნო ცხოვრება თვითონ დაიმკვიდროს მაცხოვრის გარეშე. შესაბამისად, მდაბლდება და ამ სიმდაბლის შედეგად მასთან მოდის სულიწმიდის მადლი და ის იმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. ეს არის უმთავრესი ჩვენს სარწმუნოებაში.

 

თუ გახსოვთ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამაღლების დღესასწაულზე სიხარულის თაობაზე იქადაგა, მან თქვა, რომ ადამიანი სიხარულისთვის არის შექმნილი. აქ საუბარია სულიერ სიხარულზე, ჭეშმარიტ სიხარულზე, რომელსაც უფალი იესო ქრისტე საუბრობს. ეს არის მიზანი ჩვენი ცხოვრების. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, უფლის მცნებების გზით, რათა მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმიდისა.

 

ამ დიდ გზაზე ჩვენი მანათობლები, ჩვენი დიდი მოძღვრები არიან ჩვენი წმინდა მამები, ჩვენი დიდი წინაპრები, როგორც პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ასევე ჩვენი დიდი წინაპრები, მოციქულთა სწორი - მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, რომელთა ლოცვითაც შეგვიწყალოს და გვაცხოვნოს ჩვენ უფალმან“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მეუფე შიომ მრევლს შეახსენა, რომ ხვალ ნინოობაა და კათოლიკოს პატრიარქი წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

 

„ხვალ არის ნინოობა. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვას აღავლენს სიონის საპატრიარქო ტაძარში დილის 10:00 საათზე“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

 

 

big_banner
არქივი