logo_geo
ე.წ. „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება
- +

2 ივნისი. 2020. 02:35

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.

 

მისი თქმით, „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში. „ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

თბილისში „საბურთალოს კლასტერი“ 30 მაისს გამოვლინდა.

 

საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი