logo_geo
ვანის, დმანისის და სიღნაღის მუზეუმის ექსპონატების ხილვა გაფართოებულ რეალობაში იქნება შესაძლებელი
- +

4 ივნისი. 2020. 17:19

 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) თანამშრომლობის შედეგად, ვანის, დმანისის და სიღნაღის მუზეუმის ექსპონატების ხილვა გაფართოებულ რეალობაში იქნება შესაძლებელი.

 

 

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა AR და 3D ფორმატში, პლანშეტებში ინტეგრირდება და მუზეუმის ვიზიტორებითვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ძვ. წ. III-II საუკუნეებით დათარიღებული ვანში აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს ჭრაქები და სასაკმევლე, რომლებიც ვანის ახალ მუზეუმში გამოიფინება.

 

 

ტექნოლოგიური პლატფორმა შეიქმნა ასევე სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრისთვის „რთველი“, სადაც ციფრული გიდი, გაფართოებულ რეალობაში მოუთხრობს დამთვალიერებელს ვაზის კრეფის, წურვის და ლხინის კულტურის შესახებ.

 

 

დმანისში აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდების - მზიას და ზეზვას 3D ანიმაციას დაემატა გრძელ დისტანციაზე მორბენალი მტაცებლის, დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხმალკბილა ვეფხვის გრაფიკა, რომლის ანიმაციაც ინტეგრირდა ციფრულ პლატფორმაზე და მუზეუმის გახსნისთანავე, ხელმისაწვდომი იქნება ვიზიტორებისთვის.

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ პლატფორმებთან ინტეგრირების მასშტაბური პროექტი სრულად ხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, ბრიტანეთის საბჭოს და ვესმისტერის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი 2019 წელს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ, გაზრდილი მასშტაბებით და ახალი გადაწყვეტებით წარადგენს ისტორიულ ექსპონატებს.

 

 

 

big_banner
არქივი