logo_geo
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, დისტანციური სწავლების პროცესში 56 327 პედაგოგი იყო ჩართული
- +

4 ივნისი. 2020. 17:34

 

 

COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის მიხედვით, დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული იყო 56 327 პედაგოგი.

 

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში 4 მარტიდან შეჩერდა სასწავლო პროცესი, დაიწყო მზადება ონლაინ სწავლების ფორმატზე გადასასვლელად.

 

 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365 პლატფორმის მომხმარებლის პროფილები (528 327 მოსწავლე და 52 124 მასწავლებელი) და 14 მარტიდან დაიწყო სწავლების დისტანციურ რეჟიმში ამოქმედება, ხოლო 30 მარტიდან სასწავლო პროცესი სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

 

 

„სულ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული იყო 56 327 პედაგოგი. დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის უწყვეტად გაგრძელების მიზნით:

 

 

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს ინტერნეტსა და კომპიუტერზე საყოველთაო წვდომა, 30 მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარებას;

 

 

მაისიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტის „ვებსკოლა“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სთავაზობს ვებინარებს ეროვნული გამოცდების ძირითად საგნებში;

 

 

შეიქმნა პორტალი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლესა და მშობელს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლის ჩართულობის გარეშე ჰქონდეს წვდომა მოსწავლის პროფილზე;

 

 

საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები მოხალისეობრივად ეხმარებიან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დანერგვაში;

 

 

სკოლებში დაინერგა ონლაინსწავლებისთვის პირველი ქართული ალტერნატიული პლატფორმა – Feedc Edu;

 

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ახორციელებენ დისტანციურ რეჟიმში, სინქრონული და ასინქრონული მეთოდებით. სასწავლო პროცესის ელექტრონულ რეჟიმში წარმართვისათვის სხვადასხვა პლატფორმებია გამოყენებული. ძირითადად: Zoom, Microsoft Teams, Moodle, Google Classroom. შემუშავდა გზამკვლევები, ვიდეოინსტრუქციები, გაიმართა ტრენინგები სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის. მოხდა სასწავლო გეგმების მოდიფიცირება, გადაიხედა სწავლების მეთოდები და შეფასების სისტემები;

 

 

უნივერსიტეტებმა მოახდინეს იმ სტუდენტთა იდენტიფიცირება, რომლებიც დარჩნენ ელექტრონული სწავლების მიღმა. უნივერსიტეტების ნაწილმა თავად უზრუნველყო სტუდენტები ინტერნეტითა და შესაბამისი ტექნიკით. სტუდენტთა ნაწილისთვის უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს ინდივიდულური სასწავლო გეგმები;

 

 

პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული არასრულწლოვნებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებთან თანამშრომლობით შემუშავდა ელექტრონული რესურსებისა და ტელესკოლის გამოყენებით სასწავლო პროცესის განხორციელების ალტერნატიული ფორმები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი