logo_geo
ქართველი სამხედროები RSM-სთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიის ნაცვლად საქართველოში გადიან
- +

9 ივნისი. 2020. 11:45

 

 

ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად საქართველოში ტარდება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა, დღეს კი, აღნიშნული წვრთნები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზაზე ტარდება. აღნიშნული სწავლების საქართველოში ჩატარება ადასტურებს საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის მაღალ ხარისხს და ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს.

 

საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ემზადება. დღეს, ვაზიანში 3 სასწავლო ზოლი მოეწყო - პირველმა ქვედანაყოფმა კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია შეასრულა, მეორე ქვედანაყოფი ბაზის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მესამე ქვედანაყოფი დაშავებულების გამოყვანა-გადარჩენას უზრუნველყოფდა. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობას დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე იღებს. შეფასდება წვრთნისა და სწავლების თითოეული ეტაპი, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ქვედანაყოფის მისიის შესრულებისთვის მზადყოფნის დონეს. სწავლება 5 ივნისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.

 

ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების ჩატარებას უზრუნველყოფს NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია - სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი (PKOTC) ერთობლივად, ორმხრივ ფორმატში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის (USMC) წარმომადგენლებთან. დღემდე, გადასროლის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა შესაბამისი წვრთნა და ამერიკელებთან ერთად იმსახურა ISAF-ისა და RSM-ის ოპერაციებში.

 

 

 

big_banner
არქივი