logo_geo
შეცვლის თუ არა თვითიზოლაციის წესი ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს?
- +

9 ივნისი. 2020. 13:32

 

 

კარანტინი, სოციალური დისტანცია, სახლიდან მუშაობა, მაღაზიაში სამედიცინო ნიღბით სიარული, წვეულებები Zoom-ში - ამ ყველაფერმა ჩვენი ჩვეული დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა. მეცნიერების მტკიცებით, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ცვლილებებისა, რომლებიც ყველა ქვეყანასა და საზოგადოებაში მოხდება. BBC გაესაუბრა სოციოლოგებსა და მეცნიერებს იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს პანდემიას თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობაზე. სპეციალისტების განმარტებით, ამ თემაზე პირველი კვლევები უკვე ჩატარდა.

 

რას ნიშნავს კარანტინის 5 ეტაპი?

 

ავსტრალიის ფსიქოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერი კოლინზი თავის სტატიაში საუბრობს ხუთ ძირითად ეტაპზე, რომლებსაც ადამიანი კარანტინში ან თვითიზოლაციაში ყოფნის დროს გადის. ეს ჩამონათვალი გარკვეულწილად განსხვავდება იმ ტრადიციული მიდგომისგან, რომელიც 1969 წელს ელიზაბეტ კიუბლერ-როსმა შეიმუშავა: „უარყოფა, ბრაზი, გარიგება, დეპრესია, მიმღებლობა“”.

 

კოლინზის აზრით, ახალი კორონავირუსის თვითიზოლაციისა და კარანტინის სტადიები ასე გამოიყურება: „უნდობლობა (უარყოფა), ბრაზი, სევდა, მიმღებლობა და იმედი“. მეცნიერის განმარტებით, პირველ სტადიაზე, რომელიც უმრავლესობა ჩვენგანმა მარტის მეორე ნახევარში გაიარა, ადამიანები იძულებული გახდნენ მიეღოთ ის ფაქტი, რომ მათ თავიანთი ცხოვრებისეული ჩვევები რადიკალურად უნდა შეეცვალათ და შეეზღუდათ იმ მიზეზით, რაც მათთვის ხილული არ იყო. უნდობლობა სიბრაზით შეიცვალა იმის გამო, რომ ჩვეული ცხოვრების წესი უბრალოდ გაქრა და არავის არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ადამიანების უმრავლესობამ ეს ეტაპიც უკვე გადალახა.

 

მესამე - სევდის სტადია ყველა ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს. ეს იყო მაშინ, როდესაც თქვენი ფანჯრიდან მოწყენილი გაჰყურებდით ცარიელ (როგორც წესი, სხვა დროს ხალხმრავალ) ქუჩას, ჩაიარეთ გაურკვეველი ვადით დაკეტილი მაღაზიების წინ და ახალ ამბებში ნახეთ, რომ COVID-19-ით, რომელიც იქამდე შორეული და უჩინარი გეჩვენებოდათ, ერთი თქვენი ნაცნობიც დაავადდა.

 

მერი კოლინზის შკალით, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ახლა მეოთხე ეტაპზეა. ახალი ყოველდღიური რიტუალები უკვე ჩვევად იქცა. „ჩვენ მივაღწიეთ იმ წერტილს, როდესაც ახალ რეალობას ვიღებთ და მას ვეთანხმებით, იქნება ეს სახლიდან მუშაობა თუ შვილების სახლის პირობებში სწავლება. შესაძლოა, სამსახურიდან გათავისუფლების ყველა შედეგი უკვე გადაიტანეთ და ხელისუფლებისგან დახმარებას ელით“, - წერს კოლინზი.

 

მეხუთე -  ოპტიმიზმის ეტაპი საკარანტინო ზომების შესუსტების შემდეგ იწყება. „მიმღებლობის ეტაპზე ნერვული სისტემა სტაბილიზდება. სწორედ მაშინ ორგანიზმი ადრენალინის გამოყოფას იწყებს. ადამიანები უფრო კრეატიული და პროდუქტიულები ხდებიან. შესაბამისად, ისინი რაციონალურ აზროვნებას უბრუნდებიან“, - განმარტავს კოლინზი. თუმცა, მეცნიერის თქმით, კარანტინის სრულ მოხსნამდე ჯერ კიდევ შორია და კრიზისის შედეგებს წლების განმავლობაში ვიგრძნობთ - მან ხომ ჩვენს ყოველდღიურ ქცევაზე გარდაუვალი კვალი უკვე დატოვა.

 

ვინ არღვევს კარანტინს?

 

სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სოციალური ანთროპოლოგები და სხვა მეცნიერები, რომლებიც ადამიანის პრაქტიკას სწავლობენ, აღიარებენ, რომ დიდი კვლევის მხოლოდ დასაწყისში არიან. გარდა ამისა, მოვლენა, რომელსაც ისინი შეისწავლიან, აწმყოში ხდება. შესაბამისად, ყველა ექსპერტი ისევე შეზღუდულია თავის ქმედებებში, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი სხვა ადამიანები. ამიტომაც ბევრ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, მხოლოდ პირველ დაკვირვებებზე შეიძლება საუბარი. 

 

სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების განმარტებით, საკარანტინო ზომებს ყველა ქვეყანაში არღვევენ. პოლიცია ამაზე გაფრთხილებებითა და ჯარიმებით რეაგირებს. სოციოლოგები ამბობენ, რომ არსებობს ადამიანების ორი ტიპი, რომელიც ამ დარღვევებს შეგნებულად სჩადის.

 

ფრანგი მეცნიერების განმარტებით,  ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფში იყო. ისინი თავიანთ ყოველდღიურ ჩვევებს არ ღალატობდნენ (მაგალითად, საყვარელ საკონდიტროში ფუნთუშის ყიდვა) და არც ერთმანეთისგან დისტანცია მიაჩნდათ სავალდებულოდ. სოციოლოგები საფრანგეთში  2015 წლის ტერაქტების შემდეგ პერიოდთან ავლებენ პარალელს. იმ დროს ადამიანების გარკვეული ჯგუფი კამპანიებს მართავდა, რათა კაფეებსა და რესტორნებში მოსიარულეთა რაოდენობა არ შემცირებულიყო.

 

სპეციალისტების აზრით, „საფრთხის ასეთი უგულებელყოფა და ცხოვრების წესის შეცვლა ამ ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც მათი ბურჟუაზიული იდენტობის დაკარგვის საფრთხე“.

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ჯგუფს დიდი ქალაქების ღარიბული უბნების მცხოვრებლები მიეკუთვნებიან. ისინი სხვა მიზეზით არიან იმედგაცრუებული. ეს ადამიანები თავიანთ სახლებში ყოველდღიური საარსებო მინიმუმის გარეშე არიან გამოკეტილი. ამიტომაც შეზღუდვის ზომები გონივრული რომც იყოს, ღარიბებს მათი შესრულება არ უნდათ, რადგან აქვთ პროტესტი იმ ადამიანებისადმი, ვინც მათ მუდმივად რაღაცას უკრძალავს, შეურაცხყოფას აყენებს და სხვ.

 

რა ჩვევებს უნდა დავემშვიდობოთ?

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად რაღაც იცვლება და ახალი რიტუალები ჩნდება. მეცნიერების განმარტებით, სულ რაღაც 20 წლის წინ რომ გვენახა ადამიანი, რომელიც ქუჩაში მარტო მიდის, ხმამაღლა საუბრობს და ამ ყველაფერს ჟესტებით „აფორმებს“, აუცილებლად გვერდს ავუქცევდით. დღეს უკვე უკაბელო კავშირი საკუთარ ტელეფონთან ჩვეულებრივი მოვლენაა. მიმდინარე პანდემიამ კითხვის ნიშნები არაერთ ჩვევას დაუსვა. მათ შორის არის ხელის ჩამორთმევის კულტურა, რაც მისალმების თანმხლები ქმედება იყო. დღეს უკვე ასე თითქმის აღარავინ იქცევა. შეიძლება ვაცნობიერებთ, რომ ხელის ჩამორთმევა საშიში გახდა, მაგრამ ერთგვარ დისკომფორტს ეს სიტუაცია თითქოს მაინც ქმნის.

 

ინდური სტარტაპი „Colive“ მომხმარებლებს თავიანთი პირველი დამოუკიდებელი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება. როგორც წესი, აქ საუბარია თანამედროვე ბინებზე, რომელთაც საერთო სამზარეულო და ცალკე ოთახები აქვთ. მსგავს ადგილებში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. როგორც წესი, ესენი სტუდენტები არიან. კარანტინის დაწყებისთანავე „Colive“-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დააკლდათ მათ კლიენტებს ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ ეს არის მისალმების დროს ტრადიციული და გულთბილი ხელის ჩამორთმევა და ჩახუტება, რაც მხოლოდ ერთმა სიტყვამ ჩაანაცვლა - „გამარჯობა“.

 

 

ბრიტანულმა საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანია „Legal & General“– მა მოამზადა მოხსენება (ორი ათასი ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე), რომლის მიხედვითაც კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებმა ხარჯები ოთხ მთავარ კატეგორიად დაჰყვეს: საკვები, ალკოჰოლი, ონლაინ-გასართობი და ჰობი. ამ მიმართულებით გამოკითხულმა რესპონდენტებმა 10% - ით მეტის დახარჯვა დაიწყეს, ვიდრე  - კარანტინამდე პერიოდში (საშუალოდ 107 ფუნტი კვირაში).

 

 

„Legal & General“-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ზრდასრულებმა ინდივიდუალური სპორტული დატვირთვის (როგორც წესი, აქ საუბარია პარკში სირბილზე) ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წუთით გაზარდეს, ვიდრე ეს კარანტინამდე ხდებოდა. ვიდეოზარებით კომუნიკაციის წილმა კი დღის წესრიგში კვირაში 2 საათზე მეტით მოიმატა.

 

ბრიტანულმა რეგიონულმა გამოცემამ „New Post Leader“- მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ინტერნეტ-პროვაიდერმა Hyperoptic-მა ჩაატარა. გამოიკითხა 2 ათასამდე ადამიანი და ამის მიხედვით, ბრიტანელებში 50 ყველაზე პოპულარული საკარანტინო საქმიანობის ჩამონათვალი შედგა. პირველი სამი ადგილი სერიალების ყურებამ, ონლაინ-შოპინგმა და ნათესავებთან ვიდეოკონფერენციებმა დაიკავა. 23-ე პოზიციაზე - ზოოპარკში ვირტუალური მოგზაურობა , 27-ე ადგილზე - ფილმების ყურება მეგობრებთან ერთად (თითოეული თავის ბინაში), 49-ე და 50-ე პოზიციაზე კი - სხვისი ქორწილებისა და დაკრძალვების ყურება (კვლევაში მითითებული არ არის, კონკრეტულად როგორ) აღმოჩნდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი