logo_geo
შეიქმნება პაციენტის ელექტრონული ბარათი, სადაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აისახება
- +

9 ივნისი. 2020. 16:11

 

 

“შეიქმნება პაციენტის ელექტრონული ბარათი, რომელშიც აისახება პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია,”- ამის შესახებ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის პრიორიტეტებისა და პროგრამების ამსახველ დოკუმენტშია აღნიშნული.

 

„საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, რომელიც პაციენტზე მეტად იქნება ორიენტირებული და კიდევ უფრო შეამცირებს მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ დანახარჯებს. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანობისა და ხარისხის გასაზრდელად აქტიურად დაიწყება სელექციური კონტრაქტების სისტემის დანერგვა.

 

სრულად დაინერგება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების და გლობალური ბიუჯეტის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში. პრიორიტეტული გახდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მათი გართულების თავიდან ასაცილებლად. პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. განხორციელდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი, დაიხვეწება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსების მექანიზმები, გაუმჯობესდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მოხდება ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. ამასთან, დაიწყება ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვა.

 

„დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად განხორციელდება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი