logo_geo
ამირან გამყრელიძე: „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევად მიიჩნიეთ ყველა, ვისაც ტემპერატურა 37 და მეტი ექნება
- +

11 ივნისი. 2020. 17:25

 

 

„ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და არავინ იცის, სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება.

 

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი იქ, სადაც  შეიძლება, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა იყოს. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს, მოიქცეს მისი რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომის მქონე ადამიანმა ჩაიტაროს „კოვიდზე“ გამოკვლევა ლაბორატორიულად, „პისიარ“ ტექნოლოგიებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, მოქალაქეს ასევე შეუძლია, მიმართოს ე.წ. ცხელების კლინიკებს.

 

„თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, შეგიძლიათ, მიმართოთ ცხელების ნებისმიერ კლინიკას და იქ ჩაგიტარდებათ „პისიარ“ ტესტი, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი, დარჩეთ, თუ, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება. ის წავა მხოლოდ სახლში, სხვაგან არა. თუ უარყოფითი იქნა ტესტი, თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, თუ დადებითი, გადაიყვანენ „კოვიდის“ კლინიკაში, ხოლო მისი ოჯახის წევრები იქნებიან იზოლირებული კარანტინში და შემდგომ გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სიმპტომების დროს უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება, „კოვიდი“ არ იყოს, მაგრამ ეჭვის მიტანა საჭიროა.

 

 

big_banner
არქივი