logo_geo
თსუ-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

12 ივნისი. 2020. 02:31

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება უტარდებათ და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

 

აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

საქართველოში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი