logo_geo
ბონდო ქურდაძე: ძებნილმა ჟურნალისტმა წერილი მომწერა და მთხოვა, მისი სათქმელი პრეზიდენტამდე მიმეტანა...
- +

18 ივნისი. 2020. 13:44

 

პრეზიდენტამდე მიმეტანა...

 

საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჟურნალისტ ამირან ბუთურიშვილის წერილს.

 

„გუშინ ევროპის ერთი ქალაქიდან ძებნილმა ჟურნალისტმა წერილი მომწერა და მთხოვა, გამომეჩინა კოლეგიალობა და მისი სათქმელი პრეზიდენტამდე მიმეტანა პირადი არხებით:

 

„ჩემო ბონდო,

მოგესალმები და ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ.

 

დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა თუ არა ის, რასაც ახლა გწერ. იქნებ ვცდები, ან არც იყო საჭირო. მაგრამ, როგორღაც დავიღალე, თითქოს სულიერად გამოვიფიტე და მაინც გადავწყვიტე, მომეწერა.

 

ბონდო,

გიგა ბოკერიას ან სხვა ბობოლა „ნაცებისა“ თუ „ევრო-ნაცების“ სისხლით ბიძაშვილიც რომ ვიყო, ამ წერილს მაინც შენ მოგწერდი, რადგან იმად არ მიღირს ჩემი სიცოცხლე, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, სამშობლო კედელთან მივაყენო და მსოფლიოში ჩემი უცოდველობა ვამტკიცო...

 

არა, არ მიცხოვრია არც ოქრუაშვილივით და არც უგულავასავით, არც ქალის პამპერსებით მივაჭრია და არც 48 მილიონი მომიპარავს ქვეყნისთვის... თუმცა, მეც დამნაშავე ვარ, ვერ უზრუნველვყავი კონტრაქტით აღებული პირობა, ვერ ჩავიყვანე საკმაოდ ნიჭიერი ანსამბლი, ვიზებზე უარის თქმის გამო, ევროფესტივალზე და ვერც აღებული ავიაბილეთების, საფესტივალო და დაჯავშნული სასტუმროს ხარჯები სრულად და დროულად ვერ ავუნაზღაურე ანსამბლის ხელმძღვანელობას... დავიწყე, ნაწილი კიდეც დავაბრუნე, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს პროცესი დროში გამეწელა. გადაუხდელი დამრჩა 7 ათასი ევრო. თავს არ ვიმართლებ, ხელშეკრულებას და ნაკისრ ვალდებულებებს შესრულება უნდა. კარგად მიცნობ და იცი, როგორ მაწუხებს ეს ამბავი... თუმცა, ჩემი წარსული ცხოვრებით არც უცხო ქვეყნის ქუჩებში და არც ქართულ ციხეში სიკვდილს ვიმსახურებ. ახალგაზრდა რომ ვიყო, გეფიცები, დავბრუნდებოდი საქართველოში და მართლმსაჯულებაც დაისვენებდა და მეც. მაგრამ, სამწუხაროდ, აღარც ძალა მერჩის ძველებურად და არც ჯანმრთელობა, შეიძლება ციხის კარამდეც ვერ მივაღწიო... ციხე... ამის წარმოდგენაც კი მზარავს... უსახსრობის გამო, 4 წელიწადია, დღეგამოშვებით ვშიმშილობ... შიმშილს კიდევ გაუძლებს კაცი, მაგრამ იმაზე ფიქრმა, რომ არ მაქვს სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების უფლება, და სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება ვეღარც ვიხილო საქართველო, ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, თითქმის ბოლო მომიღო. მძინავს და შინ ვარ, გამომეღვიძება და უსასტიკეს რეალობაში ვარ და ცხოვრება მენგრევა...

 

ბონდო, ვიცი, შენი გაგჭირვებია, მითხრეს, ავადმყოფობ, სამშობლოშიც ვეღარ ბრუნდები, შენი პლეხანოვის სახლი „თიბისი ბანკს“ წარმატებით გაუყიდია... ეზოს შესასვლელს აღარც ლამაზად გაფორმებული აბრა ამშვენესო - „შანსი“. იმ დღეს, შენმა ძმაკაცმა თამაზ ჭეიშვილმა იხუმრა, შემოდგომაზე მოვა ხაზარაძე ხელისუფლებაში და ყველას დაუბრუნებს ჩამორთმეულ ბინებს, სახლებს ან გაყიდული ბინების ფულს აუნაზღაურებსო და საფრანგეთიდან ბონდოც დაგვიბრუნდებაო. ხაზარაძე საარჩევნოდ ჭიკჭიკებს ასე, თორემ ქონის გულისთვის, რწყილს გაატყავებს-თქო, მივწერე...

 

გადაგღალე. მოკლედ, რა მინდა გთხოვო, ჩემო ძმაო, ადვოკატმა, ჟურნალისტების ხელმოწერებით, შეწყალების თაობაზე წერილი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სადღაც მიიკარგა. გიგზავნი წერილის ჩაბარების ასლს, იქნებ შეძლო და შენი პირადი არხებით ქალბატონ სალომეს ან მის გარემოცვას მიაწოდო, გაეცნოს უბრალოდ და როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე გადაწყვიტოს...

 

გავიგე, კინოფესტივალზე შენი ბიჭის ლონდონური წარმატებები, კარგი დესპანი გაგიზრდია საქართველოსთვის...

 

არ დამავიწყდება შენი პარიზული მასპინძლობა, არც ის შენი ცრემლი, ჩემი თანმხლები ქართული ანსამბლის სიმღერამ რომ მოგადინა თვალზე. ჩვენ პარიზში ვიყავით, სიმღერა კი იყო თბილისზე...

 

მადლობა და ნახვამდის.

თბილისში შეხვედრის იმედით...“

 

  1. S. შევწუხდი შენი მდგომარეობით, ჩემო ამირან... გულწრფელად გეტყვი, ქალბატონ სალომესთან პირდაპირ კონტაქტზე არ მიმიწვდება ხელი, ასეც რომ იყოს, მხოლოდ ქვეყნის საკითხზე თუ შევაწუხებდი საქართველოს პრეზიდენტს, მაპატიე, საკუთარ შვილზეც ვერ ვთხოვ ვერაფერს...

 

ორივეს ნოდარ ტაბიძის სკოლა გვაქვს გავლილი, როგორც დიდმა მაესტრომ გვასწავლა, პირდაპირ, საჯაროდ ვაცნობებ შენს გზავნილსა და სატკივარს, „ფეისბუქზეც“ გავუზიარებ, თუ ღმერთმა ინება და ნახა, მერწმუნე, უყურადღებოდ არ დაგტოვებს... რას გადაწყვეტს, ეს უკვე მისი კომპეტენციაა... დავაზუსტებ, ჩემი ბინა ხაზარაძის ბანკს არ გაუყიდია, ნუ დავუმატებთ, ეყოფა თავის ცოდვებიც...

ძმური სიყვარულით...

პარიზი. 04.06.2020“.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი