logo_geo
შეიქმნა კულტურული მარშრუტების პირველი უფასო მობილური აპლიკაცია - Cultural Routes Georgia
- +

19 ივნისი. 2020. 10:41

 

 

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია შექმნა. სამინისტროს ინიციატივით, შექმნილი უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის.

 

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერთიფიცირებული მარშრუტი დაემატება.

 

ევროპული მარშრუტები:

 

ღვინის მარშრუტი;

 

ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი;

 

პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი;

 

ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი.

 

ლოკალური მარშრუტები:

 

ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ;

 

გერმანული დასახლებები საქართველოში.

 

ახალი სერტიფიცირებული მარშრუტები:

 

დედაქალაქიდან დედაქალაქამდე;

 

წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა.

 

კულტურული ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ საკითხებზე: საქართველოში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვადა განხორციელება; კულტურული ტურიზმის/კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების მხარდაჭერა, სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის რუკებზე, ბროშურებზე, ონლაინ პლატფორმებზე განთავსება, ტურიზმის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, სამინისტროს მიერ შემუშავებული და მართული კულტურული მარშრუტების ინტეგრირება.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ორი ახალი კულტურული მარშრუტის პრეზენტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა აღნიშნული მარშრუტების ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადასცა.

 

კულტურული მარშრუტების მიზანია ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას, საქართველოს ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში. ლოკალური კულტურული მარშრუტები, 2019 წლიდან, სამინისტროსთან არსებული „კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს“ მიერ კონკურსის წესით ვლინდება და მისი მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენა.

 

საქართველო „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს.

 

 

big_banner
არქივი