logo_geo
არქტიკაში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 38 °C-ს მიაღწია
- +

25 ივნისი. 2020. 16:07

 

 

გაეროს განცხადებით, დაიწყო მუშაობა, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს რამდენიმე დღის წინ ციმბირის პატარა ქალაქში დაფიქსირებული რეკორდული ტემპერატურა არქტიკისთვის, 38 გრადუსი ცელსიუსი.

 

გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ტემპერატურა 20 ივნისს, ქალაქ ვერხოიანსკში დააფიქსირეს საკმაოდ ხანგრძლივი ცხელი პერიოდის დროს, რამაც ტყის ხანძრებიც გამოიწვია.

 

აღმოსავლეთ ციმბირის ეს რეგიონი ცნობილია ექსტრემალური ტემპერატურებით როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის თვეებში.

 

„ივლისში 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა იქ სულაც არაა უჩვეულო, მაგრამ ივნისში 38 გრადუსი მართლაც გამონაკლისია“, — განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრესსპიკერმა კლერ ნალისმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

თანამგზავრულ ფოტოებზე ეს ზონა მასობრივად წითლად გამოიყურება, რაც მისი თქმით, გასაოცარ და შემაშფოთებელ სიტუაციას ქმნის.

 

ნალისის განცხადებით, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების შეფასების ჯგუფიც თანხმდება, რომ ვერხოიანსკში დაფიქსირებული რეკორდული ნიშნული სიმართლეს შეესაბამება, თუმცა წუხს, რომ ამ ამბის სრულფასოვნად დადასტურება ხანგრძლივი პროცესია.

 

რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ვერხოიანსკის სადგური 31 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას 18 ივნისიდან აფიქსირებდა, 20 ივნისს კი 38 გრადუსი დააფიქსირა.

 

„ეს გახლავთ უმაღლესი ტემპერატურა, რაც კი ამ სადგურზე ოდესმე დაფიქსირებულა მას შემდეგ, რაც გაზომვები დაიწყო, ანუ მე-19 საუკუნის ბოლოდან“, — ამბობს როსჰიდრომეტის წარმომადგენელი მარინა მაკაროვა.

 

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ამჟამად ამ ტემპერატურული ჩანაწერების დადასტურებასა და დეტალების გარკვევაზე მუშაობს.

 

დადასტურების შემთხვევაში, გაერო-ს სააგენტო ამ მონაცემებს შეადარებს ექსტრემალური ამინდისა და კლიმატის არქივს, რათა დადგინდეს, უნდა მოხვდეს თუ არა ის ამ არქივში.

 

როგორც ნალისი აღიშნავს, ამინდისა და კლიმატური უკიდურესობების ეს არქივი გინესის წიგნს ჰგავს და ამ დრომდე მასში არ მოიძებნება ასეთი სიცხის კატეგორია არქტიკული წრის ჩრდილოეთისათვის.

 

მისივე თქმით, არქტიკაში მზარდი ტემპერატურა მიმდინარე გლობალური დათბობის მანიშნებელია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მთელი ყურადღება ახლა კორონავირუსის პანდემიისკენ არის მიმართული.

 

„კლიმატის ცვლილებას COVID-19-ის გამო შესვენება არ აუღია. ტემპერატურა მატებას განაგრძობს და ჩვენ წინაშეა უფრო და უფრო ხშირი ექსტრემალური მოვლენები“, — ამბობს ნალისი.

 

არქტიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დათბობადი რეგიონია, რომელიც გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად თბება.

 

ციმბირი, სადაც თავს იყრის დედამიწის გაყინული ნიადაგების (მრავალწლოვანი მზრალობა) უდიდესი ნაწილი, ბოლო დროს წამოუდგენლად თბება.

 

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის მონიტორინგის ქსელის (C3S) მონაცემებით, გასულ თვეში იქ საშუალო ტემპერატურა 10 გრადუსზე მაღალი იყო, რაც მაისისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

 

C3S-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული ერთი წლის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიალიზებამდელ მაჩვენებელზე თითქმის 1,3 გრადუსით მაღალია. სწორედ ამ მაჩვენებელს იყენებენ ხშირად გლობალური დათბობის ნიშნულად.

 

2015 წელს გაფორმებული პარიზის ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 200-მა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება 2 გრადუსზე მეტით არ მოხდეს და თუ შესაძლებელია, ასეთი ზღვარი 1,5 გრადუსი იყოს.

 

რეკორდულმა სიცხემ შარშან ციმბირსა და ალასკაზე ტყეები ცეცხლის ალში გაახვია.

 

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი