logo_geo
თემურ გოცირიძის მხარდამჭერთა ჯგუფი „მთავარისგან“ ბოდიშის მოხდას მოითხოვს
- +

29 ივნისი. 2020. 14:24

 

 

პარლამენტის წევრ თემურ გოცირიძის მხარდამჭერთა ჯგუფი ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გასული სიუჟეტის გამო ტელეკომპანიისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.

 

„27 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარმა“ გადასცა ცილისმწამებლური ვიდეოსიუჟეტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე. მათ შორის, თემურ გოცირიძეზე ნათქვამი იყო, რომ თითქოსდა პარლამენტში ყოფნისას დიდი ოდენობით უძრავი ქონება დააგროვა, და ჯეროვნად არც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობს.

 

ამ გადაცემის ავტორებისა და მთელი საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ბატონი თემურ გოცირიძე თავის სადეპუტატო უფლებამოსილებას ახორციელებს 2019 წლის დეკემბრის ბოლოდან. მას შემდეგ, დღემდე, არანაირი ქონება არ შეუძენია, ხოლო, რაც შეეხება მის საპარლამენტო საქმიანობას, იგი არის ორი კომიტეტის წევრი და აქტიურად არის ჩაბმული როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო მუშაობაში.

 

გარდა საპარლამენტო მოღვაწეობისა, ბატონი თემური, თავის მხარდამჭერებთან ერთად, წლების მანძილზე უანგაროდ ეხმარება გაჭირვებულ მოსახლეობას, გახსნილი აქვს უფასო სამედიცინო კაბინეტები. პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებში დახმარება გაუწია ასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს და პანდემიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში ჩარიცხული აქვს 30 ათასი ლარი თავისი ოჯახის დანაზოგიდან. რატომღაც, ეს ფაქტები არ გაახსენდათ აღნიშნული ტელეარხის ჟურნალისტებს.

 

მიგვაჩნია, რომ სიუჟეტი მიზნად ისახავს არამარტო ბატონი თემურ გოცირიძის, არამედ მთელი მისი პოლიტიკური გუნდისა და მხარდამჭერთა ინტერესების დისკრედიტაციას და ლახავს მის, როგორც პიროვნების პატივსა და ღირსებას.

 

მოვითხოვთ, ტელეკომპანია „მთავარმა“ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ბატონი თემურ გოცირიძის მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს სათანადო რეაგირება“, - აღნიშნულია თემურ გოცირიძის მხარდამჭერთა განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი