logo_geo
„შავნაბადელებმა“ დაღუპული თანამებრძოლები კიდევ ერთხელ გაიხსენეს
- +

2 ივლისი. 2020. 14:05

 

მიმდინარე წლის 2 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ, ბატალიონ „შავნაბადას“ მებრძოლებმა, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებმა, ვეტერანებმა, თბილისში, ელიას მთაზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 27 წლის წინ, დაბა ტამიშთან გამართულ ბრძოლაში დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. სხვადასხვა დროს, ელიას მთა, „შავნაბადას“ ბატალიონისა და არტილერისტთა დისლოკაციის ადგილს წარმოადგენდა და მემორიალიც, მათი ერთობლივი ძალისხმევით დაიდგა.

 

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან - ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი ზარალი მიადგათ აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებსაც.

 

ქართული შენაერთების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.

 

ტამიშის ბრძოლა - აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

 

დიდება გმირებს!

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი