logo_geo
5 ივლისს სავსე მთვარე და მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა – რა ცვლილებები მოელით ზოდიაქოს ნიშნებს
- +

5 ივლისი. 2020. 16:48

 

 

ასტროლოგი დავით ნიბლაძე 5 ივლისის მთვარის დაბნელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. იგი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„5 ივლისს სავსე მთვარე და მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა

 

სავსე მთვარის პიკი: 08:44 სთდაბნელება დაიწყება 03:07 საათზე, პიკს მიაღწევს 08:30-ზე და დასრულდება 09:52 საათზე. დაბნელებას საქართველოდან ვერ დავინახავთ.

 

ეს არის ამ ზაფხულის და თხის რქა-კირჩხიბის ღერძზე სერიის ბოლო, ფინალური დაბნელება. მართალია, მზესა და მთვარეს ზუსტი დაძაბული ასპექტები არცერთ პლანეტასთან არ აქვს და ეს დაბნელების ბუნებას უფრო მსუბუქს ხდის, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სატურნის დაბრუნება თხის რქაში და თავისებურად მოქმედებს ასევე რეტროგრადული პლანეტები (მერკური, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, პლუტონი).

 

სავსე მთვარე და დაბნელება ამჯერად თხის რქაში, მე-14 გრადუსზეა.

 

იქამდე, სანამ უშუალოდ ამ დაბნელების დახასიათებაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ დაბნელება ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს. ესაა სიმწიფისა და ყველაფერი იმის დასრულების პერიოდი, რაც სასარგებლოს არაფერს გვაძლევს. დაბნელება საკმაოდ ძლიერი კოსმიური ენერგიის მატარებელია, რაც გვიბიძგებს ისეთ საკითხებზე წერტილის საბოლოოდ დასმისკენ, რომელსაც უკან აღარასდროს დავუბრუნდებით. ზრდა და განვითარება სამყაროს კანონია. მზის დაბნელება, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ გამოვიარეთ, ძირითადად, გარე მოვლენებსა და ცვლილებებს იწვევს, მთვარის დაბნელება კი შინაგან, ემოციურ ტრანსფორმაციას აპროვოცირებს.

 

დაბნელების ენერგია ბევრი ადამიანისთვის მტკივნეულ ცვლილებებთან ასოცირიდება, ბევრისთვის კი უკეთესობისკენ გარდაქმნის იდეალურ დროსთან. აქ მთავარი სწორედ ჩვენი მიდგომა და მზაობაა იმისთვის, რომ მივიღოთ და გავაცნობიეროთ საკუთარი რეალობა ზუსტად ისეთად, როგორიც არის. მით უფრო, რომ საქმე ეხელა სატურნის მიერ მართულ, ზე-პრაქტიკულ ნიშან თხის რქას.

 

მთვარე უკავშირდება ქვეცნობიერს, რომელიც ზუსტად იქაა, სადაც ჩვენი გამოცდილება, რწმენა და მოგონებები ინახება. გაცნობიერება ნიშნავს ჩვენს ფიქრებსა და ქცევებში ჩაღრმავებას, მათ გაგებასა და ანალიზს. სწორედ ჩვენი ცრუ წარმოდგენები და ნეგატიური ემოციებია მიზეზი იმისა, რატომაც არაა ყველაფერი ისე, როგორც გვინდა, რომ იყოს. იმისათვის, რომ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შევიტანოთ, ამისთვის ჯერ უნდა შევიცვალოთ შიგნიდან, ჩვენი ფიქრებით, დამოკიდებულებებით, რწმენით, მიდგომებით და ა.შ. ამას კი საკმარისი გამბედაობა სჭირდება. სინათლის წარმოსახვით სინათლეს ვერ მივაღწევთ თუ არ გავაცნობიერეთ და ვაღიარეთ სიბნელე. მთვარის დაბნელება იდეალური პერიოდია საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და საჭირო ცვლილებების დაგეგმვისთვის.

 

სავსე მთვარე და ნაწილობრივი დაბნელება ამჯერად, როგორც უკვე აღვნიშნე, თხის რქაშია

 

თხის მმართველი პლანეტა სატურნი ერთ-ერთი ყველაზე „მძიმეწონიანი“ პლანეტაა ასტროლოგიაში, რომელიც სერიოზულობასა და ზრდასრულობასთან ასოცირდება. როდესაც სატურნი ჩვენს პირად პლანეტას ეხება, ხშირად შესაბამის სფეროში შენელებას, იმედგაცრუებასა და გარკვეულ წნეხს იწვევს, თუმცა უმიზნოდ ნამდვილად არა. სინამდვილეში, ეს პლანეტა ჩვენგან სიბრძნესა და შინაგან თავისუფლებას მოითხოვს, რომელიც სწორედ რეალობისთვის თვალის გასწორების შემთხვევაში გვეძლევა. სატურნი გვაიძულებს, ვიცხოვროთ დღევანდელი რეალობით, ვიგრძნოთ მეტი პასუხსმგებლობა იმაზე თუ რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ და დრო მხოლოდ ისეთ რამეებში ვხარჯოთ, რაც სასარგებლო შედეგების მომტანი იქნება. არ იფიქროთ, რომ სატურნს ჩვენი მიწასთან გასწორება „სურს“. ის უბრალოდ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების, დროის ფუჭად ხარჯვისა და ილუზიებისგან თავის არიდებას ითხოვს.

 

სატურნისთვისაც და თხის რქისთვისაც აუცილებელი საჭიროებაა დაფასება და აღიარება (როგორც მე-10 სახლის მმართველისთვის), თუმცა არა მარტივი გზების, არამედ მძიმე შრომის ხარჯზე. ეს არის დრო, როდესაც უნდა შევქმნათ ან აღვადგინოთ წესრიგი და გავაკეთოთ მხოლოდ ის, რაც გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე და სამომავლო შედეგებზე გათვლილი იქნება, თუნდაც ეს ყველაფერი დღევანდელი სიამოვნებისა და კომფორტის დათმობის ხარჯზე მოგვიწიოს. სატურნისთვის მიუღებელია დაუფიქრებლად და ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღება. მისთვის მთავარი არის შედეგი. არ აქვს მნიშვნელობა, ამ შედეგის მისაღწევად რა დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო. ყველაფერი, რაც მყარად იქმნება, დიდ დროს საჭიროებს.

 

სატურნი გვასწავლის, რომ თავისუფლება არ ნიშნავს წესების დარღვევასა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. პირიქით, მისთვის სწორედ ჩვენი შესაძლებლობების გაცნობიერებაა თავისუფლება და გვაჩვენებს, რომ ჩვენზე გამოცდილი ადამიანებისგან მიღებულ რჩევებთან ერთად განვითარების გზა საკუთარი წარსული შეცდომებისა და წარმატებების გათვალისწინებაა. ეს არის დრო, როდესაც უნდა მოვიშოროთ თვითგამანადგურებელი დამოკიდებულებები, მათ შორის მავნე ჩვევები, გავაცნობიეროთ სად ვაჭარბებთ მოლოდინებით და აღმოვაჩინოთ უფრო მეტად „ჩვენი“, რეალისტური მიზნები და ამოცანები. დაბნელების დროს 5 პლანეტაა რეტროგრადული, რაც ისევ და ისევ ძველი საკითხებისა და თემების ხელახლა გააქტიურებაზე მიგვანიშნებს. სწორედ წარსულში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას უნდა დავეყრდნოთ სიახლეების დაგეგმვისას და მივუბრუნდეთ ან დავასრულოთ წარსულში დაწყებული საქმეები. იდეალური დროა წარსულში მოტოვებული „კუდების“ გამოსასწორებლად. თუ გავითვალისწინებთ მზისა და მთვარის ჰარმონიულ ასპექტებს ურანთან და ძველ საკითხებს ახლებურად და განსხვავებულად შევხედავთ, შედეგებიც გაცილებით უკეთესი იქნება.

 

თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა არ არის ან თხის რქაში არ გაქვთ არცერთი პლანეტა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს სტატია თქვენ არ გეხებათ. ჩვენ ყველას გვაქვს რუკაში სადღაც ეს ნიშანი და ერთ-ერთ სახლს მართავს. სახლი კი ჩვენი ცხოვრების რომელიღაც სფეროს უკავშირდება. იმისათვის, რომ მიხვდეთ, რა თემებს ააქტიურებს ეს სავსე მთვარე და დაბნელება თქვენს ცხოვრებაში, მოძებნეთ სად ხვდება თქვენს რუკაში თხის რქის მე-14 გრადუსი, რომელი სახლის გასწვრივ და სწორედ იმ სფეროში ეცადეთ, გაითვალისწინოთ თხის რქისა და სატურნის პრინციპები და დაგეგმოთ საჭირო ცვლილებები მომდევნო 6 თვისთვის.

 

თხის რქაში მთვარის დაბნელება შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ უფრო აქტუალურს ხდის სატურნის მერწყულიდან თხის რქაში დაბრუნებას (2 ივლისიდან). სატურნი საკუთარი ნიშნის 25 გრადუსამდე მიაღწევს (უკუსვლით), შემდგომ ისევ გაასწორებს მოძრაობას და „უკანმოუხედავად“ მხოლოდ დეკემბრის შუა რიცხვებში გადავა მერწყულში. როგორც ვხედავთ, სატურნი თხის რქას 25-30 გრადუსებს შორის კიდევ ორჯერ გაივლის (რეტროგრადულობისა და დირექტიულობის დროს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვის დაბადების რუკაშიც რომელიმე პლანეტა ან კუთხოვანი სახლის წვერო ხვდება თხის რქის აღნიშნულ გრადუსებში, ის ადამიანები განსაკუთრებით იგრძნობენ სატურნის გავლენას. აქვე შეგვიძლია გამოვყოთ ის ადამიანები, ვინც დაბადებული არიან იანვრის შუა რიცხვებში – მათთან სატურნი შეუერთდება მზეს და ისინი, ვის რუკაშიც თავად სატურნი იმყოფება თხის რქას 25-30 გრადუსებს შორის. ამ შემთხვევაში, თქვენ გადიხართ სატურნის დაბრუნების პიკს (ძირითადად, 1990-1991 წლებში დაბადებული ადამიანები). თუ თქვენ რომელიმე კატეგორიაში ხვდებით, ეცადეთ, ზემოთ აღწერილი ტენდენციები და რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინოთ. ეს იქნება ერთგვარი გამოწვევებით სავსე პერიოდი, როდესაც სწორედ თქვენი ხედვები, დამოკიდებულებები, მოთმენის უნარი, პრაქტიკულობა და გადადგმული ნაბიჯები გადაწყვეტს ბევრ რამეს ცხოვრებაში.

 

უშუალოდ 4-5 ივლისს ნუ იკამათებთ, მაქსიმალურად აარიდეთ თავი გაუგებრობებს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან. ნუ გარისკავთ. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და მძიმე საკვები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რისგანაც გსურთ, რომ გათავისუფლდეთ. 5 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში კარგია ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებაც და საჭიროების შემთხვევაში, დიეტის დაწყებაც.

 

ყურადღებას ითხოვს ასევე მერკურისა და მარსის კვადრატი, რომელიც 8 ივლისს იქნება ყველაზე ძლიერი. ამ დღეს მოერიდეთ აგრესიის გამოვლენასა და აგრესიულ ადამიანებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ მართავთ ავტომობილს დიდი სიჩქარით და ზოგადადაც, ნუ იჩქარებთ, მოუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვების ნერვულ სისტემას.

 

ზემოთ აღწერილი ტენდენციები, როგორც აღვნიშნეთ, ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, თუმცა თუ თქვენს რუკაში მზე, მთვარე, პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები (ASC, DSC, IC, MC) კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) 9-19 გრადუსებს შორის აღინიშნება, ამ შემთხვევაში დაბნელება ასპექტს შექმნის მათთან და სხვებთან შედარებით, მეტად იგრძნობთ მთვარის დაბნელების გავლენას და შესაბამისად, ცვლილებების საჭიროებასაც“.

 

 

big_banner
არქივი