logo_geo
გოვენ ჭეიშვილის მოგონებები „რეკორდზე“ და „ხუტა უფროსზე“
- +

9 ივლისი. 2020. 11:38

 

 

საბჭოთა მასშტაბით ყველაზე გახმაურებული „რეკორდის“ დამყარებიდან 45 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ფილმის გადაღებიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, 34 წლის ასაკში შესრულებული „ხუტა უფროსის“ როლი, გოვენ ჭეიშვილისთვისაც და მაყურებლისთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდა...

 

ალბათ არც ის იყო შემთხვევითი რომ, ფილმში სხვა როლზე მიწვეულს, მილიციელის ფორმა ჩააცვეს და მსახიობმა შეძლო მაყურებელს მილიციელისადმი შიში და უსიამოვნო განცდა გაჰქრობოდა და მათ მეხსიერებაში დღემდე „კეთილ მილიციელად“ რჩება.

 

თეატრს, როგორც მსახიობი, რამდენიმე წლის წინ დაემშვიდობა, მიუხედავად ამისა, ხშირად დადიოდა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ესწრებოდა სპექტაკლებს და თვალს ადევნებდა ახალგაზრდა კოლეგებს. ბოლო პროფესიული შეხება თეატრთან 2015 წელს ჰქონდა, როდესაც მესხიშვილის თეატრში მისი 75 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მას შემდეგ გოვენ ჭეიშვილი მალევე გამოემშვიდობა თეატრს, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქთან დამშვიდობებაც მოუხდა - ორი წელია ქუთაისიდან ბორჯომში შვილთან საცხოვრებლად გადავიდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გოვენ ჭეიშვილთან გასაუბრება ოჯახის დახმარებით შევძელით.

 

AMBEBI.GE-ს მკითხველს მსახიობის ცხოვრებასა და ამჟამინდელ ყოფაზე ცნობილი ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი, იგივე „ხუტა უფროსი“ უამბობს.

 

დაიბადა ქუთაისში 1940 წელს, სკოლაც აქვე დაასრულა. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. ამბობს, რომ ხატვითაც იყო გატაცებული. როგორც იხსენებს, მამაზე განაწყენებულმა ერთხელ ყველა საკუთარი ნახატი დაწვა.

 

„სწავლის პარალელურად ვხატავდი და ვქმნიდი ილუსტრაციებს, ყველა ნაშრომს ვინახავდი. ამავდროულად, თბილისში, მფრინავთა სკოლაში მიღება გამოცხადდა. საბუთები მოვამზადე და მამას ვთხოვე, გაეგზავნა. რაღაც პერიოდის შემდეგ ყველას რომ მოუვიდა პასუხი და მე არა, ჩავიქნიე ხელი, ვიფიქრე არ მოვეწონე და აღარც გამხსენებია, მაგრამ წლების მერე სახლში შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს მიერ მომზადებული საბუთები. მამას ვკითხე, რატომ იყო საბუთები სახლში, რა მოხდა-მეთქი და მიპასუხა, „სად გაგიშვებდი „პაგონებიანი“ შვილი მინდოდა სახლშიო?!“ ძალიან გავბრაზდი და თუ რამე ტილო მქონდა, გამოვიტანე და დავწვი“, - იხსენებს მსახიობი.

 

მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მოგვიანებით მისი „პაგონებით“ ყველაზე საყვარელი მილიციელი გახდებოდა.

 

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ასევე იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრის მსახიობი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრთან თანამშრომლობა 1996 წლიდან დაიწყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ კინოსტუდიებთან არ თანამშრომლობდა, რეჟისორებისთვის შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა. რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში სათამაშოდ მიიწვია. როგორ უთხრეს, „რეკორდში“ ღინტუს როლი უნდა ეთამაშა. როლისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, ცდილობდა, სახასიათო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, თუმცა, ცვლილების გამო მილიციელის ფორმა მოარგეს და...

 

„საერთოდ არ მქონდა კინოსთან შეხება. რომ მიმიწვიეს „რეკორდში“ სათამაშოდ, თავისთავად მოვითხოვე რეპეტიციების გავლა და ასე ნელ–ნელა „ღინტუდ“ გადავიქეცი. „ხუტა უფროსს“ ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა, მოგვიანებით, როლზე უარი განაცხადა და კახი კავსაძე დაამტკიცეს, თუმცა, მოხდა ისე, რომ კახიმაც უარი თქვა. ამ დროს კი ვიგებ, რომ „ღინტუს“ როლზე სხვა აირჩიეს. ვიფიქრე, არ მოვეწონე-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად რეჟისორმა გამომიცხადა, რომ ხუტა უნდა ვყოფილიყავი. გავგიჟდი, უარი ვთქვი, მაგრამ რეჟისორმა დაჟინებით მოითხოვა და ასე „ღინტუს“ ნაცვლად გოვენ ჭეიშვილის „ხუტა უფროსი“ შეიქმნა“.

 

79 წლის მსახიობი იხსენებს რომ, ერთი შეხედვით მხიარული ამბავი სამეგრელოდან, სულაც არ აღმოჩნდა უწყინარი იმჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის:

 

„იმ დროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიწუნა. იუკადრისა, როგორ შეიძლება, საბჭოთა „მილიციელი“ ასეთი უვიცი იყოსო და შეიქმნა საფრთხე, რომ ფილმი თაროზე შემოიდებოდა. მისი მოსაზრება არ გაითვალისწინეს ზემდგომებმა. თავად მას ჰკითხეს - თქვენ თუ იცით, რამდენია რეკორდი ბადროს ტყორცნაში? რომ ვერ უპასუხა, ამიტომ უთხრეს, „თუ მინისტრმა არ იცის, რამდენია რეკორდი, რა გასაკვირია, რომ რაიონის მილიციის უფროსმა არ იცოდესო“. ასე გადარჩა ფილმი“, - აცხადებს გოვენ ჭეიშვილი.

 

„ხუტა უფროსის“ შემდეგ კინოსთან გოვენ ჭეიშვილის თანამშრომლობა გაგრძელდა. იყო დასამახსოვრებელი როლები ფილმებში - „კუჩხი ბედინერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“... 2017 წელს გამოჩნდა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებულ დრამაში - „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

 

მიუხედავად კინოში მიღწეული წარმატებისა, მსახიობისთვის მთავარი მაინც თეატრი იყო და მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. ამბობს, რომ თეატრს სხვა ხიბლი აქვს, აქ როლის შეცვლაზე, გაუმჯობესებაზე მუშაობა შესაძლებელია, რასაც კინოში ვერ შეძლებ. მსახიობობასთან ერთად პოეზიითაც იყო გატაცებული - გოვენ ჭეიშვილის შემოქმედება ლექსების კრებულშია თავმოყრილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი