logo_geo
ათა თურქის იდეების უარყოფა - თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას ტაძარს განაჩენი გამოუტანა
- +

10 ივლისი. 2020. 22:09

 

 

 

 

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აია-სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლის და კვლავ მეჩეთად გადაკეთების უფლება მიეცა. ერდოღანის ხელმოწერის შემდეგ ნაგებობის ისტორიის კიდევ ერთი, 85 წლიანი მონაკვეთი დასრულდება.

 

 

 

აია-სოფიას აღწერა

 

აია-სოფიას ტაძარს ბიზანტიური არქიტექტურის მწვერვალად მიიჩნევენ, რომელიც 900 წელზე მეტი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ მთავარ სიწმინდეს წარმოადგენდა, სადაც იმპერატორთა კორონაციები და სხვა მნიშვნეოლოვანი ღონისძიებები იმართებოდა. ტაძარი 537 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დროს ეკურთხა, მისი სიმაღლე 55 მეტრს, სიგრძე 82 და სიგანე 73 მეტრს აღწევს. კონსტრუქციულად ყველაზე რთული გუმბათის დიამეტრი კი 32 მეტრია. სვეტიცხოველის მსგავსად, აია-სოფიაც სამჯერაა აგებული. პირველი 2 ტაძრის მშენებლობა იმავე ადგილას შესაბამისად 360 და 415 წლებში დასრულდა. თუ არ ჩავთვლით გიზის პირამიდებს, ტაძარი ყველაზე დიდი ნაგებობა იყო იმდროინდელ მსოფლიოში. მშენებლობაზე 10 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. სამშენებლო მასალებს მთელი იმპერიიდან და მის საზღვრებს გადაღმიდანაც ეზიდებოდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ მასშტაბის ტაძარი სულ რაღაც 5 წელიწადში აშენდა, თუმცა, შიდა მოპირკეთების სამუშაოები კიდევ ნახევარი საუკუნე, იმპერატორ იუსტინიანე II-ის მმართველობამდე გაგრძელდა. დასრულების შემდეგ ტაძარს უწოდებდნენ ნაგებობას, რომელმაც „შეცვალა არქიტექტურის ისტორია“. ნაგებობა მიწისძვრამ რამდენჯერმე მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა სრულ დანგრევას გადაურჩა.

 

 

15 საუკუნის განმავლობაში აია-სოფიამ რამდენჯერმე შეიცვალა მესაკუთრე, ფუნქცია და გარეგნული იერსახე. დიდ სქიზმამდე - 1054 წლამდე, ტაძარი ქრისტიანების კუთვნილებას წარმოადგენდა. ქრისტიანობის გაყოფის შემდეგ ის ბიზანტიის მსგავსად მართლამდიდებლური ტაძარი გახდა, 1204-1261 წლებში აია-სოფია კათოლიკეების ხელში გადავიდა, 1261 წელს ის კვლავ ბერძნებმა დაიბრუნეს, 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, გარშემო 4 მინარეთი წამოიმართა. ტაძარში არსებული უძვირფასესი ფრესკები, რომელთა ნაწილიც მოზაიკით იყო შესრულებული, წაშალეს ან გადაფარეს. 1931 წელს მეჩეთმა ფუნქციონირება შეწყვიტა, 1935 წელს კი ათა თურქის ბრძანებით მუზეუმად გადაკეთდა. ფრესკების ნაწილი აღადგინეს. მისი მონახულება სქესისა და აღმსარებლობის განურჩევლად ყველასთვის შესაძლებელი გახდა. ვიზიტორთა რაოდენობა წლიურად 3 მლნ-ს აღემატებოდა. ახლა ეს შესაძლებლობა საფრთხის წინაშე დადგა.

 

 

დასავლური სამყაროს გარდა ერდოღანის გადაწყვეტილებას თავად თურქეთშიც ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მათი თქმით, აია-სოფია უნდა დარჩეს როგორც მუზეუმი, სალოცავად კი ლურჯი მეჩეთიც საკმარისია, რომელიც 1616 წელს აია-სოფიას მახლობლად აშენდა, როგორც მისი ახალი ისლამური ანალოგი, თუმცა ვერც სიმაღლით და ვერც გუმბათის სიდიდით ორიგინალს ვერ გაუტოლდა.

 

 

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება თანამედროვე თურქეთის სახეცვლილი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. თურქეთი ისევ რჩება სეკულარულ სახელმწიფოდ, რომლის კონსტიტუციაც შარიათის კანონებზე არაა დაფუძნებული, სადაც არც ჩადრით სიარულია სავალდებულო და არც მარხვის დაცვა, თუმცა, ისლამის როლი თანდათან იზრდება. გარდა ამისა, ოფიციალურ ანკარას ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 2016 წლის არშემდგარი გადატრიალებიდან, დასავლეთთან და კონკრეტულად, ვაშინგტონთან ურთიერთობები სერიოზულად დაეძაბა. თურქეთი გადატრიალების მცდელობაში ფეთხულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც შტატებს აფარებს თავს და რომლის გადაცემაზეც ვაშინგტონი კატეგორიულ უარს აცხადებს. რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S400-ების შეძენის გამო შეერთებულმა შტატებმა თურქეთისთვის მრავალფუნქციური გამანადგურებლის F35-ების მიყიდვა დაბლოკა. ანკარისა და ვაშინგტონის ინტერესები სირიაშიც ქურთთა საკითხთან მმართებაშიც იკვეთება.

 

ერდოღანი, რომელიც თურქეთს 2004 წლიდან მართავს, 1997 წელს ისლამისტური ლექსის საჯაროდ წაკითხვისთვის გაასამართლეს და 4 თვით ციხეშიც ჩასვეს. მისი განცხადებები ხშირად პარტნიორებთან მიმართებაშიც ხისტია. სხვადასხვა ქვეყნის საერო და სასულიერო პირების მოწოდება, არ გადაეკეთებინა აია-სოფია მჩეთად, ერდოღანმა თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.

 

როგორც სტამბოლში, ასევე, მთელ თურქეთში უხვადაა ათა თურქის ფოტოები, ძეგლები, სკვერები, ქუჩები, აეროპორტები... ათა თურქია გამოსახული ლირის ყველა ნომინალის კუპიურაზე. ასეთი პატივის მიუხედავად, დღევანდელი თურქეთი მნიშვნელოვნად დასცილდა რესპუბლიკის დამაარსებლის იდეებსა და ხედვებს, თუმცა „თურქების მამის" მიერ 1 საუკუნის წინ შექმნილი ფუნდამენტის მოშლას ვერც ერდოღანი ახერხებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი