logo_geo
ოთარ გაბელია: პირჯვრის გადაწერის გამო დისკვალიფიკაცია მემუქრებოდა, ჟიული შარტავამ გადამარჩინა
- +

12 ივლისი. 2020. 19:45

 

 

ლეგენდარულმა ქართველმა მეკარემ ოთარ გაბელიამ კარიერის გამორჩეული ეპიზოდები, 1979 წელს მოგებული სსრკ-ს თასი ფინალი და 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვება გაიხსენა. ასევე, ნოდარ ახალკაცის შესახებ ისაუბრა. ოთარ გაბელიასთან ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ''არგომ'' ჩაწერა. ინტერვიუდან რამდენიმე ნაწყვეტს გთავაზობთ.

 

''1976 წელს დავქორწინდი. ქორწილის მეორე დღეს გიგა ნორაკიძე ჩამოვიდა, მან მითხრა რაღაც ახალი ამბავი უნდა გითხრაო, თბილისის ''დინამოში'' გიბარებენო. გიგას ცრემლი წამოუვიდა, არ მინდა შენი გაშვებაო, მაგრამ თბილისის ''დინამო'' სხვა რამე არისო. ეს იყო დიდი სიხარული, ყველა ბავშვის ოცნება.

 

1978 წელს, როცა ჩემპიონები გავხდით, ჩემპიონატის საწყის 9 მატჩში ვითამაშე, მაგრამ შემდეგ მამა გარდამეცვალა  და ბევრი შეხვედრა გამოვტოვე.

 

1979 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ვითამაშე, შეხვედრამდე ძალიან ვნერვიულობდი. მახსოვს პირჯვარი გადავიწერე და კინაღამ დამიჭირეს. ვფიქრობ, ვინც კრძალავდა, ისინიც კი დადიოდნენ ეკლესიებში. ჩემს მიმართ დისკვალიფიკაციის მოცემა სურდათ, თუმცა ბატონმა ჟიული შარტავამ გადამარჩინა. მოვიფიქრეთ, რომ ვითომ ოფლს ვიწმინდავდი. შემდეგ მატჩის განმეორებით ჩვენებაში პირჯვრის გადაწერის კადრი ამოჭრეს.

 

როგორც 1979 წელს საბჭოთა კავშირის ფინალში, ასევე 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში სტუმრად ვითამაშეთ მოსკოვსა და დიუსელდორფში, თუმცა უფლის ნებით ორივე მატჩი მოვიგეთ. 1981 წელს დიუსელდორფში ფინალამდე ნოდარ ახალკაცმა პატრიარქის წერილი წაგვიკითხა, რომელმაც დიდი მოტივაცია მოგვცა.

 

როცა ყველაფერი ''გადაკეტილია'', ყველაფერს დიდი ინდივიდუალისტები წყვეტენ. ასე მოხდა დიუსელდორფში, მაღალი დონის შემსრულებლები გვყავდა და სწორედ მათი დამსახურებით შემოვატრიალეთ თამაში. გერმანელებთან გერმანიაში, როცა გოლს მეორე ტაიმში უშვებ, გამარჯვება ძალიან რთულია.

 

როცა ვარსკვლავებს ეთამაშები, გამოცდილება გიგროვდება. ''ლივერპულთან'' მოვიგეთ, თუმცა ''ჰამბურგთან'' წავაგეთ. ვარსკვლავებთან ვთამაშობდით, მარტო კიგანის თქმა რად ღირს.

 

ნოდარ ახალკაცი 10 და 20 წლით წინ იყურებოდა. დღეს მისი ვარჯიშები და ტაქტიკური მონახაზები ძალიან გვადგება, როცა საქართველოში პრო ლიცენზიის კურსებს ვატარებთ.

 

ნოდარ ახალკაცი ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი იყო. ფსიქოლოგიურად იმდენად მაგრად მოგამზადებდა, რომ როცა მოედანზე გახვიდოდი, მაქსიმუმს აჩვენებდი. შემდგომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და უეფაში დიდ პატივს სცემდნენ.''

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი