logo_geo
ბოლნისის ახალი მუზეუმი გაიხსნა!
- +

21 ივლისი. 2020. 20:59

 

 

მუზეუმში 1 აგვისტომდე ყველა მსურველისთვის შესვლა თავისუფალია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციას კიდევ ერთი ახალი მუზეუმი შეემატა - ბოლნისის მუზეუმი ქვემო ქართლის საგანმანათლებლო, ტურისტული და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია.

 

ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს - აქ არის მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის თანაარსებობა ერთ სივრცეში.

 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა უახლესი სტანდარტების დაცვით მოგვეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდა).

 

საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ასევე, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.

ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.

 

მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა - ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია.

 

დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორიას, და ასევე, ზოგადად, ქვემო ქართლს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და სხვ.

 

ბოლნისის მუზეუმი არის „კულტურული ჰაბი", რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის.

 

მუზეუმის სამეცნიერო კონცეფცია ქართველ მეცნიერებთან ერთად შეიმუშავეს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის, გერმანიის სამთო მუზეუმის (ქ. ბოხუმი), ტორონტოს უნივერსიტეტის და ფრანკფურტის არქეოლოგიური მუზეუმის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, ფრანკფურტის ზენკენბერგ მუზეუმის, ტიუბინგენის უნივერსიტეტის, ტიუბინგენის ქალაქის მუზეუმის, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის მეცნიერებმა.

 

მუზეუმი ქმნის მულტიფუნქციურ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია ყველა ასაკისა და ინტერესის ვიზიტორზე. ის წარმოადგენს სახელოვნებო ცენტრს, შემოქმედებით სივრცეს, გართობისა და შემეცნების ადგილს ბავშვებისათვის.

 

მუზეუმში განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, გერმანული ენის უახლეს სახელმძღვანელოებს, შემეცნებითი, მხატვრული და დარგობრივი წიგნების ბიბლიოთეკას, ფილმებისა და აუდიომასალის კოლექციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.

 

მუზეუმი ასევე ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე. მუზეუმში ჩატარდება სასკოლო გაკვეთილები სხვადასხვა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ თემებზე. გაკვეთილების სერია ჩვენმა გუნდმა ონლაინ პლატფორმის საშუალებით უკვე დაიწყო, რაც გარკვეულწილად მუზეუმში სასკოლო გაკვეთილების ჩატარების წინაპირობაა.

 

ბოლნისის მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე, „არქიტექტორები.ჯი". მუზეუმი დამთვლიერებლისთვის მოამზადეს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროპის წამყვან ინსტიტუციებთან და შესაბამისი დარგის პროფესიონალებთან - დიზაინის მიმართულებით ვითანამშრომლეთ ლინა ლოპესთან, საგამოფენო ტექსტების რედაქტირებასა და გრაფიკულ დიზაინზე იმუშავა National Geographic საქართველოს სპეციალისტების ჯგუფმა. ბოლნისის მუზეუმის განახლების პროექტი დაფინანსებულია კომპანია "RMG"-ის მიერ.

 

მისამართი: ქალაქი ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ.48ა.

 

 

big_banner
არქივი