logo_geo
ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა
- +

25 ივლისი. 2020. 14:22

 

 

40 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს - 25 ივლისს - ოლიმპიადის მასპინძლობით აჟიტირებულ მოსკოვს ელვის სისწრაფით მოედო ახალი ტრაგიკული ამბავი - ვლადიმერ ვისოცკი გარდაიცვალა.

 

ვლადიმერ ვისოცკის შესახებ, საქართველოში ახალმა თაობამ ძალიან ცოტა რამ თუ იცის. თუმცა, დღეს (რა გასაკვირია, რომ სიკვდილის შემდეგ) ეს ადამიანი უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი სიმღერების გიტარაზე შესრულებით. XX საუკუნის 70-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი სსრკ-ის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა.

 

ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, კონცერტებით მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა, ხშირად მიდიოდა გასტროლებზე უცხოეთშიც. სასტიკი ცენზურის პირობებში ვისოცკი ეხებოდა აკრძალულ თემებს, მღეროდა ყოველდღიურ საბჭოთა ცხოვრებაზე, სამამულო ომზე. ყოველივე ამან მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

 

1980 წლის 16 ივლისს კალინინგრადში შედგა ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი კონცერტი. 18 ივლისს კი ვისოცკიმ უკანასკნელად ითამაშა თავისი ყველაზე ცნობილი თეატრალური როლი - ჰამლეტი, შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში.

 

1980 წლის 25 ივლისს, დილის 4:10 საათზე ვისოცკი ძილში გარდაიცვალა მოსკოვში, თავის ბინაში. ანატოლი ფედოტოვის ვერსიით სიკვდილის მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი იყო. სტანისლავ შერბაკოვისა და ლეონიდ სულპოვარის ვერსიით კი - სიკვდილი დამამშვიდებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ასფიქსიის მიზეზით დადგა. ამ ვერსიების მიუხედავად ვისოცკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია.

 

იმ პერიოდში მოსკოვში ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ქალაქი გადაკეტილი იყო და მილიცია იცავდა. ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ გაცხადებულა, მიუხედავად ამისა, ტაგანკის თეატრთან, სადაც იგი მუშაობდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაშლილა. უკანასკნელ გზაზე დიდი არტისტი ასი ათასმა კაცმა გააცილა.  ვლადიმერ ვისოცკი დაკრძალულია მოსკოვის ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი