logo_geo
ვახტანგ ჯავახაძე დღეს 88 წლის გახდა!
- +

29 ივლისი. 2020. 16:11

 

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი  და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ჯავახაძე დღეს 88 წლის გახდა.

 

ვახტანგ ჯავახაძე დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს ქალაქ ქუთაისში. 1940 წელს მშობლებმა ქუთაისის მეორე საშუალო სკოლის პირველ კლასში შეიყვანეს. 1944 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ვაჟთა პირველ სკოლაში.

 

ვახტანგ ჯავახაძემ ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაიწყო. მაშინ თბილისში გამოდიოდა გაზეთი „ნორჩი ლენინელი“, რომელშიც დაიბეჭდა მისი ლექსი.

 

ვახტანგ ჯავახაძემ ჩააბარა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „სახელგამში“ მხატვრული ლიტერატური რედაქციის რედაქტორად.

 

ვახტანგ ჯავახაძის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. კომპოზოტორმა სანდრო მირიანაშვილმა ლექსზე „გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა“ პირველი სიმღერა დაწერა. მის ლექსებზე დაწერეს სიმღერები კომპოზიტორებმა იაკობ ბობოხიძემ და რობერტ ბარძიმაშვილმა.

 

ვახტანგ ჯავახაძეს ვლადიმერ მაიაკოვსკის ოთხი პოემა აქვს ნათარგმნი, ესენია: „ხერხემლის ფლეიტა“, „შარვლიანი ღრუბელი“, „მიყვარს“, „მთელი ხმით“. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: „საყვარელი ქარები“ (1959წ),„ნაწვიმარი ქუჩები“ (1962წ), „ათასი მზე“ (1968წ), „მეშვიდე“ (1974წ),„წეროების სამკუთხედი“ (1978წ), „შედარება“ (1980წ),„და ასე შემდეგ“ (1983წ), „მომიკითხე ზღვა“ (1988წ), „ვახტანგური“ (1995წ), „2002 სტრიქონი“ (2002წ),„უცნობი“ (1988წ),„უცნობი“ (2002 წ), „მე შენ გეტყვი“ (1989წ).

 

ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის, საბასა და გალას პრემიების ლაურეატი.

 

***

ვახტანგ ჯავახაძე

 წუთისოფელი ისეა

წუთისოფელი ისეა, -

როგორც ილია ფიქრობდა,

როგორც ფიქრობდა დანტე და

როგორც ფიქრობდა დიდრო და

როგორც ვოლტერმა,

ქრისტემ და

ფაუსტმა

განაზოგადეს,

როგორც სენეკას ესმოდა

და როგორც სწამდა სოკრატეს,

როგორც ციცერონს მოსწონდა,

როგორც უყვარდა ფიროსმანს,

და როგორც ვარაუდობდნენ

ჩე გევარა და სპინოზა,

როგორც ჯორდანო ბრუნომ და

მოცარტმა იანგარიშეს,

როგორც სჯერა და სჯეროდა

განდის და

განდის ქალიშვილს,

როგორც ნატრობდა სპარტაკი,

როგორც ხატავდა გოია,

როგორც ამირანს ეგონა

და როგორც პელეს ჰგონია.

 

***

 

30 ვერცხლი 

მაშინ, როცა ნაზარეველს მიუსაჯეს გოლგოთა,

ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და

თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, -

თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!

 

***

 

არ მიყვარს კაცი, რომელიც...

არ მიყვარს კაცი, რომელიც ფულის ჭკუაზე დადის,

არადა - ფული ყოველთვის თავის ჭკუაზე მატარებს,

ლარებზე დავახურდავე ასი დოლარის დარდი,

ვერ მიშველა და წყეული ცხარე ცრემლებით მატირებს.

ერთის და არა ერთ-ერთის, ათის და არა ათ-ათის

მჯერა და მეარშიყება ჯადოსანი და ჯადო:

დაუცხრომელი მეძავი ხელიდან ხელში გადადის,

დიდხანს არ გაგიჩერდება, რაც უნდა შეეცადო:

ვხარჯავ - ვარსებობ - ვხარჯავ და მამშვიდებს დოლის დოლური

და მირჩევნია ნახევრის ნახევარს - სანახევრო,

რაღას მიქვია ლარი და რაღას მიქვია დოლარი,

როდესაც მთელი ევროპა ლამის წაიღოს ევრომ.

ბანკირმა წაიბანკირა, არტისტმა წაიარტისტა,

თავსა სდებს ოსტატობაზე - აშკარა დიდოსტატი,

არ მიყვარს კაცი, რომელიც ევროს ჭკუაზე დადის და

ქვეყანა მიყვარს, რომელიც ლარის ჭკუაზე დადის.

 

***

 

ქება სიბერკაცისა

შევიფერე სათვალე და ჭაღარასაც ვიფერებ,

ვახოც მყავს და მარიამიც, რას მიქვია სიბერე?!

მიადვილებს მტკივნეული წლების დაბალზამებას –

ღვთისმშობლის და ორი მეფის სახელების სამება.

სხვამ შეირგოს საკუთარი სახელი და სახრავი,

მე კი ჩემი მირჩევნია სათესი და სახნავი.

შევეჩვიე: ძველებურად თვალებს აღარ ვაფეთებ,

თუ დამჭირდა, შემიძლია მეორედაც დავბერდე.

მესამედაც… თუკი სიტყვას ბაჟი არ დაედება,

თუკი გამეტების დროშებს დახევს გადამეტება.

ჯერჯერობით ბადიშივით მელოდება არგანი,

ერთადერთი – ბორკილიღა დამრჩა დასაკარგავი.

დღეები და ღამეები, როგორც ვიანგარიშე,

გაწონასწორებულია უკვდავების გარეშეც.

და ასაკის იმუნიტეტს ვერვინ გამიბათილებს,

რადგან არცერთს არ ვანსხვავებ: მცნებას ვიცავ ათივეს.

სტრიქონებში ვარდებს შორის მებლანდება ასკილი,

დამდევს მეფისტოფელივით ლექსი უკანასკნელი.

მემუქრება სიმარტოვე – ბეწვზე გადარჩენილი –

და კარებთან ყავარჯენი მელის განაჩენივით.

 

 

 

big_banner
არქივი