logo_geo
ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს
- +

30 ივლისი. 2020. 02:33

 

 

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკებები როგორც ცალკეულ მწარმოებლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს.

 

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის თაობაზე; გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები თავად AstraZeneca-სთან. ამავე დროს, ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „ვაქცინების გლობალურ ალიანსთან“, რომელიც ამ მიმართულების ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

 

ვაქცინების გლობალური ალიანსის მთავარი მიდგომა გახლავთ, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, განვითარებადისთვის თუ განვითარებულისთვის. ამ ალიანსის საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი