logo_geo
„პლეხანოველი მარინა“ თბილისმა დღემდე ვერ დაივიწყა - დედაქალაქის კოლორიტად ქცეული ქალის სევდიანი ამბავი
- +

1 აგვისტო. 2020. 16:22

 

 

ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც პოპულარობის მისაღწევად არც სოციალური ქსელი დასჭირვებიათ და არც მედია. მათ შორის არის „პლეხანოველი მარინა“. რამ გამახსენა? რა ვიცი, ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც რაღაც „ამოგიტივტივდება“ და ვეღარ იშორებ. ასე მაგალითად, „პლეხანოველი მარინა“ ხშირად გამახსენდება ხოლმე, როდესაც თავისუფლების მოედანზე, მეტროსთან ჩავივლი, სადაც მარინა ხშირად მოწყალებას ითხოვდა.

 

გარეგნულად სულ მხიარული და სინამდვილეში, რაღაცნაირად სევდიანი „პლეხანოველი მარინა“ თბილისმა დღემდე ვერ დაივიწყა. უბოროტო იყო, იმიტომაც გახდა ის თბილისის ნაღდი შვილი და საპატრონო. თორემ სინამდვილეში, თბილისში კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ბედუკუღმართობას გამოექცა და პირველად ე.წ. კორტების ტერიტორიაზე შესახლდა ბარაკებში. თუმცა, ასეთ „დეტალებზე“ ის არასოდეს ჰყვებოდა. ის ჰყვებოდა თავის ნამდვილ ტკივილზე, რომელიც გამუდმებით „სჭამდა“. ეს იყო ამბავი მის პირველ სიყვარულსა და შვილზე, რომელიც შეყვარებულმა ხელში შეატოვა. ამბობდა, მე მას ლიანა დავარქვი და ვიღაცებმა საბავშვო ბაღიდან მოიპარესო!

 

ალბათ, მართლაც არსებობდა მარინას პირველი სიყვარული, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა და ბავშვით ხელში მიატოვა. შესაძლოა, იგი მარინას თბილისის ქუჩებშიც ხშირად ხედავდა ღვინის ჭიქით ხელში. ეს ნაღვლიანი ქალი ღვინით პირთამდე სავსე ჭიქას ორი თითით ოსტატურად ისე ამოატრიალებდა, წვეთიც არ დაექცეოდა და ასე გადაჰკრავდა ხოლმე. ოდესღაც სოფლის ჩვეულებრივი გოგო „პლეხანოველ მარინად“ იქცა. ერთხელ, ჩემმა ნაცნობმა ექთანმა პირადადაც მაჩვენა მისგან ნაჩუქარი ვერცხლის ქამარი, - საწყალი ფილტვების ანთებით შემოვიდა საავადმყოფოში. მეც, სანამ არ გამოჯანმრთელდა, არ მოვშორდი, წასვლისას კი ეს ქამარი მოიხსნა და მომცა, - აიღე, შენზე ალალია, მე კაცები მჩუქნიან, მე კიდევ, შენ გაჩუქებო.

 

თუმცა, სულ ბოლოს, როდესაც ფეხებშეხვეული მარინა, რომელიღაც მამაკაცს, ეტლით მოწყალების სათხოვნელად მიჰყავდა, მარინა ამბობდა, - ახლა აღარავის ვჭირდები და კაცები აქეთ მთხოვენ ღვინისთვის ფულსო. ისიც სიმართლე იყო, რასაც იმ დროს მოიგონებდა ხოლმე, - არ ვიცხოვრე სწორად და ახლა ვნანობ. კინოში რომ ვიყავი და გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიდა, შუაში ბოთლს ჩავუდებდი და თავებს დავაშორებინებდი. გოგოს კი ვეტყოდი, - ამ ცხოვრებას ნუ აყვები, თორემ ჩემსავით გაგაუბედურებსო! და ისიც მართალი გახლდათ, რომელიღაც პოლიტიკოსმა კინაღამ საარჩევნო სიაში რომ შეიყვანა: მთელი თბილისი გიცნობს, პარლამენტში უსათუოდ აგირჩევენო. მარინამ კი ერთი ამბავი აყარა, ხალხს ჩემზე რა აცინებსო! ამ დროს „პლეხანოველ მარინას“ მხოლოდ ტკივილებისაგან თავის დახსნა უნდოდა...

 

სამაგიეროდ, გარდაცვალებისას მთელმა თბილისმა სასაფლაომდე ხელით ატარა. ძველმა მეგობრებმა რომელიღაც „ცნობილ“ სასაფლაოს მხატვარს საფლავის ქვაზე მარინა ზუსტად იმ პოზაში დაახატვინეს, როგორითაც იცხოვრა, - ორ თითზე დადებული ჭიქით, რომელსაც ისე ამოატრიალებდა ხოლმე, წვეთიც არ გადმოიქცეოდა. „პლეხანოველი მარინაც“ ამ ჭიქით თითქოს ისევ სადღეგრძელოს ამბობს...

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი