logo_geo
ამირან გამყრელიძე: იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის
- +

2 აგვისტო. 2020. 01:38

იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს.

 

კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული. თუმცა იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ.

 

ამ სეზონზე, დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს“, - განუცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 კი გამოჯანმრთელდა.

 

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. გარდაცვლილია - 17, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

big_banner
არქივი