logo_geo
ამირან გამყრელიძე: ვითარება დღეისთვის სრულად კონტროლირებადია
- +

2 აგვისტო. 2020. 02:04

 

 

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეისთვის სრულად კონტროლირებადია და არავითარი პანიკის ან განგაშის საფუძველი არ არსებობს.

 

დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამივე იმპორტირებულია. ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლები არიან. რა თქმა უნდა, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს“, - განუცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 

მისივე თქმით, ბაზრობებზე კორონავირუსის ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება.

 

ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4300-მდე ადამიანია გამოკვლეული. გუშინ და დღეს დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, ხვალ კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა გამოვიკვლიოთ. ჯერჯერობით დინამოს ბაზრობაზე ინფექციაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის.

 

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს.

 

კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული. თუმცა იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ. ამ სეზონზე, დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 კი გამოჯანმრთელდა.

 

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. გარდაცვლილია - 17, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი